მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში შუახევი ჰესის გამომუშავება 75%-ით გაიზარდა

6329825db3039
მარიამ ვარადაშვილი
20.09.22 21:00
1166
7 თვეში შუახევი ჰესის გამომუშავება 75%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BMG-ის ჰესის მფლობელ კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიაში” განუცხადეს.

2022 წლის იანვარ-ივლისში შუახევი ჰესმა 332 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 75%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

“თუ წლის ბოლომდე წყალუხვობა შენარჩუნდება, მიმიდინარე წლის გამომუშავება, სავარაუდოდ 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს. წარმატებული წელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ჰიდროლოგიამ, შუახევი ჰესის თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკურმა აღჭურვილობამ და საუკეთესო ქართველ ინჟინერთა გუნდმა, რომელიც თავის საქმიანობას მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს”,-აცხადებენ კომპანიაში.



რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის ინფორმაციით, შუახევი ჰესის მიერ თურქეთში ექსპორტირებულმა ელექტროენერგიამ 115 მლნ კვტ/სთ მაისში, ივნისისა და ივლისში შეადგინა, ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 115 აშშ დოლარი მგვტ/სთ იყო.

,,აჭარისწყალი ჯორჯიას” მფლობელებს ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური TaTa Power წარმოადგენენ. კომპანიამ 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა განახორციელა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 550 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. კომპანიის ინფორმაციით, შუახევი ჰესი დადგმული სიმძლავრით ენგურის შემდეგ ყველაზე დიდი ენერგო ობიექტია. 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი 178 მგვტ შუახევი ჰესის და 9 მგვტ სხალთა ჰესისგან შედგება.



“ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება ჩვენი ინვესტორების, დამფინანსებელი ბანკების მოთხოვნების, საქართველოს კანონდებლობის და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად განვახორციელოთ, რომ უსაფრთხოების, გარემოს და სოციალური სტანდარტი მაქსიმალურად იყოს დაცული. ასევე, ვაგრძელებთ შუახევი ჰესის არეალში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას ჩვენს მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტებით, რაც ადგილობრივების ცხოვრების დონის ამაღლებას და რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს”,- აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის: BMG-მ საქსტატიდან II კვარტლის ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა და მათ შორის შუახევი ჰესის მფლობელი კომპანიაც არის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები