მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგი BlackRock, რომელიც 8 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს, ინსტიტუციურ ინვესტორებსა და ორგანიზაციებს ბიტკოინში ინვესტირებისთვის სპეციალურ ტრასტს სთავაზობს, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული იურიდიული პირები პორტფელში კრიპტოაქტივების დამატების საშუალებას მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ BlackRock-მა გასულ კვირას ამერიკულ კრიპტობირჟა Coinbase-თან თანამშრომლობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
საფინანსო ჰოლდინგი კომპანია Coinbase-ისგან სხვადასხვა ტიპის კრიპტო სერვისებს მიიღებს, მათ შორისაა: საინვესტიციო და ტრეიდინგ პლატფორმები. თანამშრომლობის ფარგლებში, BlackRock-ის ინსტიტუციური ინვესტორები და ფონდები საკუთარ პორტფელში კრიპტოაქტივების დამატებას შეძლებენ, რის მიწოდებასაც უშუალოდ Coinbase-ი უზრუნველყოფს.
საბროკერო პარტნიორად Coinbase-ის არჩევა მარტივი მიზეზითაა განპირობებული, ის მსოფლიოს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა განთავსებული და, შესაბამისად, მისი ფინანსური ანგარიშგება და საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა, რასაც BlackRock-ის მსგავსი ორგანიზაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
BlackRock-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ინვესტორების დაინტერესება ციფრული და კრიპტოაქტივების მიმართ ყოველწლიურად იზრდება, მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი ორგანიზაცია კი თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ მომხმარებელს ეს საინვესტიციო შესაძლებლობაც შესთავაზოს.