მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8,200-ზე მეტი პენსიონერი მასწავლებლის სკოლიდან წასვლა სახელმწიფოს 75.7 მლნ ლარი დაუჯდა - აუდიტი

6079cf1324002
თამთა ჯიჯავაძე
16.04.21 21:48
3881
2019-2020 წლების მონაცემებით, განათლების სამინისტრომ 1,923 სკოლის 8,200-ზე მეტი მასწავლებლის განაცხადი ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მასწავლებლების სისტემიდან გასვლის სანაცვლოდ 75.5 მლნ ლარი გაიხარჯა, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 2017-2019 წლების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არსებული რეგულაციის მიხედვით, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღებისა და სისტემიდან გასვლის შემდეგ, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2-წლიანი ვადის დასრულებისას გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას და დააკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას შეეძლება კვლავ განაგრძოს პედაგოგიური საქმიანობა, ფულადი ჯილდოს დაბრუნების გარეშე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 8200-ზე მეტ მასწავლებელს, თუ ისინი მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მიღებული ჯილდოს მიუხედავად, კვლავ შეეძლებათ დაუბრუნდნენ სკოლებს. ყოველ შემთხვევაში, არსებული რეგულაცია, ამის შესაძლებლობას იძლევა.

გარდა ამისა, აუდიტი აღნიშნავს, რომ სამინისტროს და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა იმ მასწავლებლების ახალი კადრებით ჩასანაცვლებლად, რომლებმაც დატოვეს სისტემა.

„სასწავლო პროცესის ხარისხიანი და შეუფერხებელი წარმართვის და ასევე შესაძლო დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია სისტემიდან გასული მასწავლებლების დროული ჩანაცვლება ახალი კვალიფიციური კადრებით. აღსანიშნავია, რომ მოცემულ მიზანს ემსახურება 2010 წელს შექმნილი „მაძიებლობის პროგრამა“, რომელსაც ახორციელებს ცენტრი. 2019 წელს აღნიშნული პროგრამის პირველადი ვერსია გაუქმებულად გამოცხადდა და დამტკიცდა ახალი. მასწავლებლობის მაძიებლობა ერთ-ერთი გზაა მასწავლებლობის უფლების არმქონე პირმა მოიპოვოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება.

2019-2020 წლების მონაცებებით, ქვეყნის მასშტაბით სქემაში ჩართულია 2,138 მაძიებლობის სტატუსის მქონე მასწავლებელი, რომელთა 85% რამდენიმე წლის განმავლობაში ასრულებდა პედაგოგიურ საქმიანობას და იმ მასწავლებლების რიცხვს მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ სტატუსი მინიჭებული. 2019 წელს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე 8,200 მასწავლებელს შეუწყდა სტატუსი. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ახალი კადრების შედინება მოცემული პროგრამის ფარგლებში მოხდება, არსებული დანაკლისის მხოლოდ 26%-ის შევსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებისა და მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით და 2016-2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, სისტემიდან გასული მასწავლებლების ჩანაცვლებას მხოლოდ მაძიებლობის პროგრამით დასჭირდება 4 წელი.

ზემოთ განხილული გარემოებები მიუთითებს, რომ სქემით დანერგილმა მექანიზმებმა ვერ შექმნა საკმარისი წინაპირობა მასწავლებლების წინსვლის სტიმულირებისთვის. რელევანტური მექანიზმების დანერგვის პირობებში, შესაძლებელია კვალიფიციური კადრების მოზიდვა და სქემით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა არსებული მექანიზმების პირობებში იკვეთება პროცესის არაეფექტიანად წარმართვის რისკები“, - აღნიშნულია აუდიტის ეფექტიანობის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები