მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმანში სასტუმრო „აღობილი“ ოპერირებას DoubleTree by Hilton-ის ბრენდით დაიწყებს - როდის გაიხსნება?

6432d7b48c52a
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.23 19:40
1743
“მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ გავხსნათ” - ასე უპასუხა ბიზნესმენმა და კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა გადაცემა #წერტილში კითხვას, რომელიც კურორტ აბასთუმანში მისი ტურისტული პროექტების ამოქმედების ვადებს შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში 60 მლნ დოლარის ღირებულების 3 პროექტს ახორციელებს, აქედან სასტუმრო „აღობილის“ საინვესტიციო ღირებულება - 30 მლნ დოლარი, „სამეფო აბანოების“ – 15 მლნ დოლარი, ხოლო საოჯახო სასტუმრო „ვარძიასი“ – 15 მლნ დოლარია. 2021 წლის ბოლოსთვის არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი სამივე პროექტის დასრულებას და პირველი სტუმრების მიღებას უკიდურეს შემთხვევაში 2024 წლის გაზაფხულისთვის ელოდა.

13 მარტს BMGtv-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას კი ლაშა პაპაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ტურისტები ახალი ტურისტული მიმართულებით დაინტერესდებიან.

„ჩემ ქონებაში იმედი მაქვს, რომ ტურისტები მოვლენ, თუ ისევ პოლიტიკური ბატალიები არ იქნება და რაიმე ცუდი არ მოხდება. რადგან ჩვენ ვიწრო ნიშურ სეგმენტში მარკეტინგი უკვე დაწყებული გვაქვს - დეტოქს პროგრამები და წყლის თერაპიაზე დაფუძნებული შეთავაზებები იქნება, თუ სხვა სერვისები, ეს გამაჯანსაღებელი ტურიზმია, რაზეც პანდემიის შემდეგ მოთხოვნა დიდია. აბასთუმანში ფიჭვოვანი ტყეა და კოვიდის შემდეგ ეს ძალიან ფასობს, ამიტომ აუცილებლად მოვა ტურისტი“, - აღნიშნა პაპაშვილმა, თუმცა ბიზნესმენს სასტუმროების და აბანოს გახსნის თარიღი არ დაუკონკრეტებია.

BM.GE საკითხის გარკვევას კომპანია „რედიქსში“ შეეცადა, სადაც განმარტეს: „კურორტ აბასთუმანში კომპანია „რედიქსის“ პროექტების დასრულება სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების თარიღზეა დამოკიდებული, რამაც ჩვენი ინფორმაციით, 2024 წლის გაზაფხულიდან შემოდგომისთვის გადაიწია. კურორტის გახსნის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით გახსნისთვის“, - განაცხადეს კომპანიაში.

ამასთან, „რედიქსში“ იმასაც ამბობენ, რომ სასტუმრო „აღობილი“ ოპერირებას Doubletree by Hilton-ის ბრენდით დაიწყებს, რომელიც ფრანჩაიზით შემოდის.

ცნობისთვის, დეველოპერული კომპანია „რედიქსი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუმარმასპინძლობის სექტორში რამდენიმე პროექტს წლებია მართავს, მათ შორისაა სასტუმროები: „კაბადონი“ სიღნაღში; „ლე პორტი“ ბათუმში; „სამზეო“ თუშეთში.

„ყველაზე რთული ჩვენთვის აბასთუმანია“ - ლაშა პაპაშვილი კურორტზე არსებულ მდგომარეობაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები