მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმნის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპსა და გუმბათს ავსტრიული კომპანია დაამზადებს - ღირებულება ₾8.6 მლნ-ია

62d268a7018da
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.22 11:30
1459
აბასთუმნის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპსა და გუმბათს ავტრიული კომპანია დაამზადებს. პროექტი მსოფლიო ბანკის 8.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის 1.5-მეტრიანი ტელესკოპის, მისი შესაბამისი აღჭურვილობისა და 12 მეტრის რადიუსის გუმბათის დასამზადებლად ავსტრიული კომპანია ASA Astrosysteme GmbH შეარჩია. ახალი ტელესკოპისა და გუმბათის დამზადება-ინსტალაცია კომპანიამ 2024 წლისთვის უნდა დაასრულოს.

უწყების ცნობით, ავსტრიულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტელესკოპებისა და სამეცნიერო აღჭურვილობის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის მაღალპროფესიული გუნდი ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარებს ამზადებს როგორც კომერციული ორგანიზაციებისათვის, ისე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის.

აბასთუმნის ობსერვატორის მონახულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ აბასთუმნის ობსერვატორიას სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. სამინისტროს დაწყებული აქვს ციფრული მუზეუმის მოსაწყობად შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესიც. ასევე, სრულდება ობსერვატორიის ადმინისტრაციული ნაწილის სრული რეაბილიტაციის პროექტის შემუშავება და ობსერვატორიის 24-საათიანი წყალმომარაგებისათვის, იწყება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.

„აბასთუმნის ობსერვატორია ასტრონომიული მეცნიერებების საერთაშორისოდ მიმზიდველი და აღიარებული ცენტრი გახდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.

უნიკალური ჰავისა და ლანდშაფტის კურორტის განვითარებისათვის, სახელმწიფოს დაფინანსებით, ასევე, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები