მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში დაშვებული შეცდომების გამო, მთის კურორტების დასჯა არასწორია - მაია მურაჩაშვილი

6025416cd6f20
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.21 20:25
1162
„განმეორებით იმ შეცდომას, რაც დავუშვით აჭარაში, არ დავუშვებთ“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთის კურორტებზე შეზღუდვების მოხსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ამავე თემაზე „საქმის კურსში“ სასტუმროების „გუდაური ლოფტისა“ და „გეოგრაფის“ მმართველმა და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი და მიუღებელია მინისტრის პასუხი იმის შესახებ, რომ გასულ წელს მომხდარი ეპიდაფეთქების გამო, დღეს ჩვენ მთის კურორტები არ უნდა გაიხსნას.

„ზამთრის სეზონი რომ ჩავარდა, ფაქტია და ყველამ იცის, მაგრამ მარტში და აპრილში მესტიაში ჯერ კიდევ სეზონია, სიმაღლეებზე თოვლი ჯერ კიდევ არის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში გვინდა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, არსებობს ტურიზმის მიმართულება "ჰელისკი" და ახლა ზუსტად ის დრო იყო, რომ ეს ადამიანები მიგვეღო, ასეთ ჯგუფებს ველოდებოდით გერმანიიდან, საკმაოდ მაღალმხარჯველუნარიან ჯგუფებს, რომლებსაც სამწუხაროდ ვერ ვიღებთ.

გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც გვეუბნებიან, რომ 2020 წლის დასაწყისში ალპებში იფეთქა პანდემიამ და ამიტომ უნდა დავიკეტოთ ჩვენც. მაშინ არავინ იცოდა ეპიდემიის თვისობრიობა, ამის შემდეგ ერთი წელი გავიდა და ჩვენ ვისწავლეთ როგორ უნდა მოვიქცეთ და შევიმუშავეთ რეგულაციები. როგორც დავინახეთ მხოლოდ ზამთრის კურორტზე არ იმუშავა სასტუმროებმა და სხვა რეგიონებში ყველგან იმუშავა“, - აღნიშნა მურაჩაშვილმა.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზაფხულში აჭარაში ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამო, მთის კურორტებზე მოქმედი ბიზნესები ისჯებიან.

„ის, რაც მოხდა ზაფხულში, იმის ბრალია, რომ შემოწმებები არ მიდიოდა და მოდი ამაზე პასუხისმგებლობას მარტო ხალხს ნუ დავაკისრებთ. ეს მათივე [ხელისუფლების] ბრალია, რომ რეგულაციებს არ ამოწმებენ. ამის გამო დაისაჯოს ზამთრის კურორტები და ბიზნესები, არც ეს მეჩვენება სწორად. ეს არის მარტივი გამოსავალი, უფრო მარტივია დავკეტოთ, ვიდრე გავხსნათ და რეგულაციები გვქონდეს.

გარდა ამისა ზამთრის კურორტებზე შარშან წყლის პრობლემა იყო, რომელზეც არავის უმუშავია და დაკეტვით გაიმარტივეს საქმე იმიტომ, რომ ეს პრობლემა მოგვარებული არ არის“, - განაცხადა სასტუმროების მმართველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები