მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში "მაჭახლის დაცული ლანდშაპტი" შეიქმნება

6214d5d72160f
ინგა მურუსიძე
22.02.22 16:20
1314
პარლამენტის აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს, კერძოდ, კანონპროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის ინფორმაციით, კანონპროექტით ახალი დაცული ტერიტორია - „მაჭახლის დაცული ლანდშაფტი“ იქმნება.

„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა დავით გაბაიძემ კანონპროექტის ძირითად პრინციპებსა და დებულებებზე საუბრისას.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის სამართლებრივად არსებობისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.

ახალი დაცული ტერიტორიის მართვას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მისი მართვის ქვეშ არსებული დაცული ლანდშაფტის მართვის ფარგლებში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენას.

დავით გაბაიძის ინფორმაციით, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა არ გამოიწვევს ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას. ამასთანავე, კანონპროექტი თანხვედრაშია იმ ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს გააჩნია „ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის“ (IUCN) მიმართ, როგორც მის წევრ ქვეყანას 2009 წლიდან. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

ორივე კომიტეტმა, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა კანონპროექტების: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები