მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა ბიზნესს მოიჯარეების საიჯარო ქირისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

5e71fda7d4cc3
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 14:49
755
აჭარის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 1 აპრილამდე ე.წ ხოფის ბაზრობის, ასევე ყველა სხვა სავაჭრო თუ საბაზრო ობიექტის საქმიანობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელებისა, შეჩერებულია. 
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბიზნეს სუბიექტებს მოიჯარეების საიჯარო ქირისგან გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.

„ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, არსებული ვითარების გათვალისწინებით, აჭარის მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწვეტილება, რომ 1 აპრილამდე მოხდეს სავაჭრო და საბაზრო ობიექტების, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელებისა, საქმიანობის შეჩერება. 

1 აპრილამდე, ე.წ ხოფის ბაზრობის ყველა მოიჯარე საიჯარო მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. მოვუწოდებთ ბიზნეს სუბიექტებს, შეძლებისამებრ, ასევე განახორციელონ მათი მოიჯარეების საიჯარო ქირისგან გათავისფლება“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა. 

„გარდა მთავრობის მიერ მიღებული სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებისა, ვირუსის გამო შექმნილ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა და მინდა აღვნიშნო, რომ არაერთმა ბიზნეს სუბიექტმა უკვე გამოთქვა მხარდაჭერის მზაობა, რისთვისაც გვინდა მათ მადლობა გადავუხადოთ.

ერთ-ერთთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი არის საწარმო „აჭარა ტექსტილი“, რომელიც მზად არის დაიწყოს სამედიცინო პირბადეების შეკერვა. კომპანიამ გუშინ უკვე დაიწყო დაახლოებით 500 000 ცალი პირბადის წარმოება, რომელიც სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ტექსტილში დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც ძალიან მაღალი თვითშეგნებით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ საქმიანობას“, - განაცხადა ფუტკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები