ქართული სტარტაპი "ჩართე" საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ინტერნეტი და ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს დაუფინანსოს.
როგორც "ჩართეს" თანადამფუძნებელმა გიორგი ჯიბლაძემ Bm.ge-სთან განაცხადა, მათ შემომწირველებისგან თითქმის 1 300 000 ლარი მიიღეს, რითაც უკვე 1 800-მდე მოსწავლისთვის ინტერნეტის ჩართვა შეძლეს.
მისივე თქმით, ინტერნეტზე წვდომის პრობლემა კიდევ 20 000 უფროსკლასელს აქვს, რის სრულად მოცვასაც მინიმუმ 5 წელიწადში აპირებენ.
„პლატფორმას 4 000-ზე მეტი ონლაინ მხარდამჭერი ჰყავს, რომელთა წყალობით 1800-მდე უფროსკლასელს ინტერნეტი აქვს. მხოლოდ ონლაინ შემოწერილობებიდან თითქმის 1 300 000 ლარამდეა შემოსული, ხოლო დაახლოებით იგივე რაოდენობის თანხა კორპორაციული სექტორიდან არის, რითაც ძირითადად მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფა მოხდა.
დღეს საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველი მოსწავლეა და აქედან დაახლოებით 20 000 უფროსკლასელს ინტერნეტი არ აქვს. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა ხელმოკლეობის გამო ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას. ეს უთანასწორობა დღეს განსაკუთრებით მწვავეა, რადგან COVID-პანდემიის გამო დახურული იყო სკოლები და მოსწავლეების ნაწილი ვერ ახერხებდა სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩართვას. ინტერნეტი მსოფლიო ცოდნის უმთავრესი და ხშირად ერთადერთი წყარო და კომუნიკაციის, თვითგანვითარებისა და თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, ამიტომ ჩვენი მიზანია მოსწავლეებს დავეხმაროთ ცოდნის მიღებაში.
ინტერნეტს მე-10, მე-11, მე-12 კლასისთვის და პირველ კურსზე ვაფინანსებთ. თუმცა პანდემიის გამო მათ არ გავუთიშეთ ინტერნეტი პირველი კურსის შემდეგ და უკვე მესამე კურსზეც სარგებლობენ. რაც შეეხება ლეპტოპებს, მას მოსწავლეებს ვუტოვებთ. ვიყავით კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში, სამეგრელო, აფხაზეთის ტერიტორიაზე. ასევე გურია ზემო აჭარა, იმერეთში. არის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მთლიანადაა ჩვენ მიერ მოცული და თითქმის ყველა სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს აქვს ინტერნეტი. მაგალითად ასეთია, კონფლიქტისპირა რეგიონი, სამეგრელო, ასევე შიდა ქართლში, კერძოდ, გორი, კასპი, ხაშურის მიდამოებში, ასევე კახეთში", - განაცხადა მან.
გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რა არის საჭირო, რომ უფროსკლასელმა აღნიშნული პლატფორმით ისარგებლოს.
"ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს მე-10, მე-11 ან მე-12 კლასში. სახლში კომპიუტერი და ინტერნეტი არ უნდა ჰქონდეთ. ეფექტური რომ იყოს, ჩვენ სკოლებთან გვაქვს კომუნიკაცია და ისინი გამოგვიყოფენ პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას ვის არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი. შემდეგ ჩვენ ყველა ოჯახში ადგილზე ჩავდივართ. როდესაც ერთ რეგიონს ამოვწურავთ, მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ სხვა რეგიონზე.
შემომწირველების რაოდენობა დროსთან ერთად იზრდება, რადგან გვენდობიან და ჩვენ პლატფორმაზე ყველაფერი გამჭვირვალეა", - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.
ცნობისთვის, „ჩართე“ 2017 წელს, ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, "ხანის" აკადემიის იდეის ავტორებმა შექმნეს.