მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არის წასული და მუშახელი გვიჭირს - „თენიეშვილების ჩაი“

ჩაი

ფერმერმა გაბრიელ თენიეშვილმა Bm.ge-სთან მუშახელის დეფიციტზე ისაუბრა. როგორც ბევრი ბიზნესისთვის საქართველოში, კადრების დეფიციტი მათთვისაც გამოწვევაა. ფერმერი ამბობს, რომ „თენიეშვილების ჩაი“ სეზონზე 4-5 ტონა უმაღლესი ხარისხის ჩაის აწარმოებს, რისთვისაც კადრების მობილიზება უმთავრესი პრიორიტეტია.

გაბრიელ თენიეშვილი ამბობს, რომ მათ კონკურენციას მოცვის და თხილის ბიზნესი უწევს, რადგან ამ კულტურების კრეფის სეზონი ერთი თვე გრძელდება და დამსაქმებლები მაქსიმალურ თანხას იხდიან მუშახელში.

„ადგილობრივების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არის წასული და მუშახელი გვიჭირს. ამას ემატება კონკურენტული ბიზნესები - მოცვი და თხილი, რასაც კრეფისთვის ადამიანური რესურსი სჭირდება და ისინი სეზონურად მუშა ხელს გვართმევენ. ჩაის აღების სეზონი 6 თვის განმავლობაში გრძელდება, მოცვს ერთთვიანი მოსავლის აღების სეზონი აქვს და დამსაქმებლები მაქსიმალურ მობილიზებას აკეთებენ, მაქსიმალურ თანხას უხდიან იმ კონკრეტულ ერთ თვეში. ეს ერთი თვე ჩემთვის უკვე პრობლემაა და იმ ერთ თვეში მოსავლის გარკვეულ რაოდენობას ვკარგავთ. ასევეა თხილის შემთხვევაშიც“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, როგორ უმკლავდება ფერმერი მუშახელის დეფიციტს, გაბრიელ თენიეშვილი ამბობს, რომ ცდილობენ წარმოებაში მცირე მექანიზაცია შემოიყვანონ, რისთვისაც შესაბამისი დანადგარები უკვე აქვთ.

„ვცდილობთ კრეფის სტილში მცირე მექანიზაცია შემოვიტანეთ და მუშახელის გარკვეული ოდენობა მცირე მექანიზაციამ ჩაანაცვლოს. დანადგარები შემოვიტანეთ იაპონიიდან და ჯერ ვტესტავთ. ჯერ არ ვიცით რამდენით უნდა გადავერთოთ მცირე მექანიზაციაზე, რადგან ხელით კრეფას ვერაფერი ცვლის. ადამიანურ რესურსს რამდენად ჩაანაცვლებს ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 40% უნდა ჩაანაცვლოს, რომ აზრი ჰქონდეს.

ჯერ ექსპერიმენტის პროცესში ვართ. ეს შეიძლება იაპონიაში მუშაობს, რადგან იქ ერთი ჯიშის პლანტაციაა და საკრეფი აპარატით იკრიფება, მაგრამ ჩვენთან შერეული ჯიშებია სხვადასხვა ტიპის ვეგეტაცია მიდის და მაღალი ხარისხის ნედლეული შეიძლება საკრეფით ვერ მოვკრიფოთ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სეზონზე „თენიეშვილების ჩაი“  35 მკრეფავს ასაქმებს. „თენიეშვილების ჩაი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ბახვშია გაშენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები