მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად უნდა გრძნობდეს, თუმცა პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს“ -თურნავა

61e5394f1eaea
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.22 14:22
800
„ადგილობრივი ბიზნესის თავს კარგად უნდა გრძნობდეს, თუმცა პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მეხორბლეების განცხადებას. კერძო სექტორი თანაბარ პირობებში ოპერირებას ითხოვს, რადგან  ხორბლის იმპორტის შემცირების ფონზე იზრდება ფქვილის იმპორტი, ადგილობრივ წარმოებას კი აზრი ეკარგება. შექმილი სიტუაციის გამო ქვეყანაში 10-ზე მეტი წისქვილკომბინატი უკვე დაიხურა, ნაწილი კი მთლიანად იმპორტზე გადაეწყო. გამოსავლის გზებზე სამსჯელოდ კერძო სექტორი საქართველოს მთავრობის მეთაურისთან და ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან შეხვედრას ითხოვს.

„ჩემი ინფორმაციით ამ თემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს და  ჩვენც რა საკვირველია ჩავერთვებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად გრძნობდეს და არ ჰქონდეს პრობლემები. ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, როგორიც ხორბალი და ფქვილია, ანუ პურს რაც შეეხება, ყველაფერი გაკეთდეს, რათა მისი ღირებულება არ გაიზარდოს, ამ ორ მოცემულობას შორის სწორი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივად ვიმუშავებთ, მზად ვართ“, - განაცხადა თურნავამ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მცირდება. სამაგიეროდ იზრდება იმპორტირებული ფქვილის წილი. მიზეზი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ხორბლის იპორტზე დაწესებული მცურავი ბაჟია, რაც ქართველი იმპორტიორებისთვის ერთ ტონა ხორბალს თითქმის 100 დოლარით აძვირებს. მსგავსი ტარიფები არ მოქმედებს ფქვილის იმპორტზე. ამიტომ ხორბლის ადგილზე გადამუშავებამ აზრი დაკარგა. წისქვილები წარმოებას აჩერებენ და სრულად ფქვილის იმპორტზე გადადიან.

ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეების დონეზე ხორბლის იმპორტის შემცირების საკითხის გადასაჭრელად უწყებათშორისი კომისიაც შეიქმნა, თუმცა როგორც კერძო სექტორში ამბობენ, კომისიამ თავისი თავი ამოწურა და რეალური გადაწყვეტილებები ვერ მიიღო. 

დღეისთვის 10 მცირე წისქვილკომბინატი უკვე დახურულია და იმ შემთხვევაში, თუ ხორბლის იმპორტის პრობლემა არ მოგვარდება, მსხვილი წისქვილკომბინატებიც ფქვილის იმპორტზე გადავლენ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია გასული წლის ივნისის შემდეგ ხორბლის იმპორტის კლების პრობლემის გადასაჭრელად პრემიერს და მინისტრებს მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები