მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადგილობრივი პროდუქტის ფასების ზრდის შენელებული ტემპი ინფლაციის წლიური მაჩვენებლის შემცირებას იწვევს“

645b628134423
BM.GE
10.05.23 13:54
418
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ადგილობრივ პროდუქტზე ფასების ზრდის ტემპი შენელდა, რაც წლიური ინფლაციის შემცირებას იწვევს. ამის შესახებ არჩილ მესტვირიშვილმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კონკრეტული პროდუქტების ჭრილში შემცირების ტენდენციაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში პროდუქტებზე ფასები 3%-იან ფარგლებში იქნება.

„ჩვენ წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების დროს, გვქონდა პროგნოზი, რომ ინფლაციას შემცირების ტრაექტორია ექნებოდა, მაშინ ჩვენ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის დაწყებაზე გადაწყვეტილება არ მივიღეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი იყო და გვინდოდა შემცირების ტრენდი დაგვენახა. მაშინ 13%-ზე მეტი იყო, წინა მპკ-ზე იყო 12%-ის ფარგლებში, ხოლო ახლა 10.6%-ია და მას ჩვენი პროგნოზით შემცირების ტენდენცია ექნება. ჩვენ წლიურ ინფლაციაზე ვსაუბრობთ, რაც ნიშნავს, რომ იმ პროდუქტზე, რომლის ფასიც იზრდებოდა, აღარ გაიზრდება ფასი, ან მოხდება საშუალოდ 3%-ის ფარგლებში, მეტ-ნაკლებად სხვადასხვა პროდუქტზე, თუმცა ამან საშუალოვადიან პერიოდში 3%-იანი ზრდა უნდა მოგვცეს, რაც ჩვენი მიზანია.

ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდის ტემპი შენელდა. ეს ადგილობრივ ინფლაციაზე ახდენდა გავლენას, რაზეც თავის მხრივ მოქმედებდა მოლოდინები... ასევე ხელფასები ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი იყო, მაგრამ მის გავლენას ინფლაციაზე ვერ ვხედავთ. მაგრამ როდესაც იზრდება მოთხოვნა ტურიზმიდან და საერთაშორისო მგზავრობიდან, მათ შორის მიგრანტების ხარჯზე, ამას ფასებზე ზეწოლა მოყვება, რასაც ჩვენ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ვპასუხობდით, აქედან გამომდინარე ფასების ზრდის ტემპი შენელებულია, რაც ინფლაციის წლიური მაჩვენებლის შემცირებას იწვევს“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები