აფხაზეთის თვითაღიარებულმა რეჟიმმა 28 მარტიდან გალის რაიონში კომენდანტის საათი აამოქმედა - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილების საფუძველზე გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო DF Watch-ი ავრცელებს.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომენდანტის საათი წესდება 28 მარტიდან, ხოლო როდის დასრულდება შეზღუდვა განსაზღვრული არ არის. მასში ასევე აღნიშნულია, რომ კომენდანტის საათი გალის რაიონის მაცხოვრებელთა უსაფრთხოების დასაცავად ამოქმედდა.
"1. აფხაზეთის (ე.წ.) რესპუბლიკის გალის რაიონში შემოღებულ იქნას კომენდანტის საათი
2. კომენდანტის საათი დაწესდეს 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე - განისაზღვროს მოქმედებები
3. აღნიშნული განკარგულება გავრცელებულ იქნას ადგილობრივი მასმედიით
4. განკარგულება ძალაში შედის მისი ხელმოწერიდან და მოქმედებს მის გაუქმებამდე", -ნათქვამია დოკუმენტში.