მეღვინეობა „ველეულა“ საექსპორტო ქვეყნების გაფართოებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს - ამის შესახებ „ველეულას“ გაყიდვების მენეჯერმა ნია გაბუნიამ და „ველეულას“ ექსპორტის მენეჯერმა სალომე ფოჩხუამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრეს.
„ჩვენი ღვინო 10 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში, ასევე სხვა ევროპის ქვეყნებში, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნებიდან მოთხოვნა და ინტერესი ძალიან მაღალია, ვაპირებთ ახალ ქვეყნებში ექსპორტზე გასვლას, ამ კუთხით ძალიან გვაინტერესებს აღმოსავლეთის ბაზარი“, - განმარტა სალომე ფოჩხუამ.
ამასთან, ექსპორტზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ველეულას“ მეღვინეებმა გადაწყვიტეს მომხმარებლისთვის ღვინის ახალი ვერსია დაემატებინათ.
„ჩვენი საექსპორტო ხაზიდან, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს „ღვინო რაჭულად“, რომელიც ოქროს მედალოსანია, გადავწყვიტეთ წელს ამ ღვინის წითელი ვერსია დავამატოთ და შევთავაზოთ მომხმარებელს, ვინაიდან ამ ღვინოზე მოთხოვნა ძალიან დიდია“ - ამბობს ნია გაბუნია.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მისი თქმით ღვინო "8000 მოსავალსა" და ღვინის ბირჟაზე გააქვთ, თუმცა მათთვის პრიორიტეტი მაინც მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციაა, ამიტომაც ონლაინ გაყიდვები პრიორიტეტია და ბევრი გათამაშება და აქციაც აქვთ.
განსხვავებული კონცეფციის, 1.5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული "ველეულა" ბაზარზე წელზე მეტია ოპერირებს. მარანი, რაჭაში, სოფელ ძირაგეულში მდებარეობს. „ველეულა“ რაჭის სხვადასხვა სოფლებში - ხვანჭკარის მიკროზონაში, ძირგაეულსა და საკეციაში 25 ჰექტრის ფართობის ვენახებს ფლობს, სადაც ალექსანდრეულის, მუჯურეთულის, რაჭული მწვანისა და უსახელოურის ჯიშის ვაზია დარგული. მარანში ამჟამად 12 ადამიანია დასაქმებული, ბრენდის გაფართოებასთან ერთად იგეგმება ამ რიცხვის გასამმაგება.