მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროდაზღვევის ფარგლებში ზარალის შეფასების კუთხით პრობლემებია - რატი კოჭლამაზაშვილი

აგროდაზღვევა

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ აგროდაზღვევის ფარგლებში ზარალის შეფასების კუთხით პრობლემებია.

საკითხზე მან „საქმიანი დილას“ ეთერში ისაუბრა. რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, მოსავლის დაცვის მხრივ რამდენიმე მიმართულება არსებობს, თუმცა საქართველოში აქედან მხოლოდ ორი აგროდაზღვევა და ბადეების მიმართულებაა.

„დაახლოებით 10 წელია, რაც აგროდაზღვევის პროგრამა დაიწყო. ექსპერტების შეფასებით, საკმაოდ კარგი სტარტი იყო და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აგროდაზღვევის წახალისება სახელმწიფოს ჩარევით მოხდა. ჩვენთანაც ასე დაიწყო, თუმცა არ განვითარდა. როცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აგროდაზღვევაზე, რატომ არ აზღვევს ფერმერი, პასუხი არსებობს - ეს არ არის მხოლოდ დაბალი ცნობიერების პრობლემა, აქ ძალიან ბევრი საკითხია, რაც ამ პროდუქტთან დაკავშირებულია, რაზეც მუშაობა  სხვადასხვა ჯგუფებში მიდის. გამოიკვეთა ბევრი ხარვეზი, რაც მნიშვნელოვანია, რომ გამოსწორდეს, იმისთვის, რომ ვთქვათ - ეს კარგი პროდუქტია და იყიდე.

ჩვენ ვცდილობთ, ამ პროდუქტს გავუწიოთ პოპულარიზაცია, თუმცა მოდის უკუკავშირი, რაც არ არის სახარბიელო ბევრი მიმართულებით. მაგალითად, ზარალის შეფასების კუთხით არის პრობლემები. არიან ფერმერები, რომლებიც მეტ-ნაკლებად კმაყოფილი არიან, როცა ზარალი მოხდება, შეფასება კარგია, არიან ასევე ფერმერები, რომლებიც არ არიან კმაყოფილები. ამ მიმართულებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ხედვები - ეს არის წლიდან წლამდე დაზღვევა, არ ეზღვევა საგაზაფხულო ყინვები - ეს ცალკე გამოწვევაა და ასევე გარკვეულწილად არის გამოწვევა, რომ სახელმწიფომ დაზღვევის მიღმა საკმაოდ მსუყედ აანაზღაურა. შეიქმნა წარმოდგენა, რომ სახელმწიფო ზარალს უკეთესად აანაზღაურებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს ერთი მხრივ აგროდაზღვევა და მეორე მხრივ წახალისდეს ბადეების წარდგენა“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მისი თქმით, უნდა გაუმჯობესდეს აგროდაზღვევის პირობები და წახალისდეს ბადეების შეძენა.

„ბადეების შეძენა საკმაოდ დიდ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. დღეს დანერგე მომავალში არის კომპონენტი, რომელიც ბადეების შეძენას ახალისებს, მაგრამ ეს 10%-იანი თანადაფნანსებაა, რაც საკმარისი არ არის, ვინაიდან ბადეები საკმაოდ ძვირი ღირს“, - თქვა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები