PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე სასტუმროების საშუალო ფასი ყველა კატეგორიაში იზრდებოდა.
სეზონურად სასტუმროს საშუალო ფასი ზამთრის თვეებში დღეში 187 ლარს შეადგენდა, რაც 5%-ით აღემატება 2022 წლის იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელს. 2023 წლის გაზაფხულზე საშუალო ფასმა 191 ლარს მიაღწია (6%-იანი წლიური ზრდა), ხოლო ზაფხულის თვეებში - 216 ლარს (20%-იანი წლიური ზრდა).
რეგიონების მიხედვით სასტუმროების ფასებზე დაკვირვებამ აჭარის რეგიონსა და თბილისში შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა: გასული წლის განმავლობაში, აჭარაში ინდექსმა პიკურ 28%-ს 2022 წლის აგვისტოში მიაღწია, რასაც შემდეგ მოჰყვა შემცირების ტენდენცია. განსაკუთრებით 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში.
2023 წლის ივნისში აჭარაში წლიური სასტუმროს ფასების ინდექსი 16%-ს აღწევდა, რასაც მოჰყვა კლება ივლისსა (-2.8%) და აგვისტოში (-0.2%). PMC-ის თანახმად, ეს ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ზღვის პირას მდებარე სასტუმროებზე შედარებით დაბალი მოთხოვნით.
ამავდროულად, თბილისში კლების ტენდენციები უფრო მკვეთრადაა გამოხატული, რაც მნიშვნელოვნად აისახება საქართველოში ინდექსის საერთო სტატისტიკაზე. აჭარის მსგავსად, საოჯახო სასტუმროებში უფრო მნიშვნელოვანი რყევები შეინიშნება, ვიდრე 3-, 4- და 5- ვარსკვლავიან სასტუმროებში.
2023 წლის ზაფხულის თვეებში თბილისში წლიური საშუალო ინდექსი უარყოფითია და -11%-ს უტოლდება. საოჯახო სასტუმროებისთვის აღნიშნული მაჩვენებელი -25%-ია.
"თბილისში სასტუმროების ფასების კლება წინა წელთან შედარებით შეიძლება მივაწეროთ განთავსების საშუალებების გაზრდილ მიწოდებას, რომელიც არსებულ მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამჟამად თბილისში 2019 წელთან შედარებით განთავსების საშუალებების მიწოდება უფრო მაღალია, მაშინ, როცა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი პანდემიამდელ ნიშნულამდე", - წერია PMC-ის კვლევაში.
რაც შეეხება ქვეყნის ინდექსს, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023
წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით, 1.3%-ით გაიზარდა. 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით ინდექსი 5.1%-ით შემცირდა.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.