COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით, მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 6%-ია, ზღვისპირეთში 10%, კახეთში 28% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 21% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით). ამის შესახებ საუბარია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში, რომელიც 14 აგვისტოს გამოქვეყნდა.
როგორც მიმოხილვაში წერია, ივლისის ფაქტობრივი დატვირთულობა დიდ სასტუმროებში ზღვისპირეთისათვის 16%-ს შეადგენდა, 20%-ს სხვა რეგიონებისათვის და 37%-ს კახეთისათვის. ეს აგვისტოს თვეში ჯავშნების მოსალოდნელ ზრდაზე მიანიშნებს.
„გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა აგვისტოში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ), კახეთის (+9 პპ), სხვა რეგიონის (+5 პპ) და პირველად თბილისის (+4 პპ) სასტუმროებისთვის
უქმეების დატვირთულობა: გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია სხვა რეგიონების და ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის (49% და 24%, შესაბამისად), ხოლო მცირედით შემცირებულია კახეთის სასტუმროებისთვის (63%)“, – აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ დოკუმენტში.
რაც შეეხება ფასდაკლებებს, მიმოხილვაში წერია, რომ დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში მეტწილად 30-50%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია რომ „თიბისი კაპიტალის“ დოკუმენტში სექტორული ზრდები მოცემულია თიბისი ბანკის არხებით POS და ელ-კომერციის ხარჯვაზე დაყრდნობით; მოცემული ზრდები შესაძლოა განსხვავდებოდეს სექტორებში ბრუნვის ჯამური დინამიკისგან უნაღდო დანახარჯების წილის ცვლილების, ასევე თიბისი ბანკის საბაზრო წილის ცვლილების გამო.