მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აიკრძალება თუ არა 2008 წელს გამოშვებული „პრიუსი“? - ავტოიმპორტიორი ძველი მანქანების იმპორტის აკრძალვის ინიციატივას აფასებს

63223445acf20
ალა ისპირიანი
14.09.22 23:25
5476
ქვეყანაში შესაძლოა ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.

მან „ინტერპრესნიუსთან“ თქვა, რომ საუბარია „ევრო 5“-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე, რაც 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

მეგრელიშვილის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. როგორც მეგრელიშვილმა თქვა მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

აღნიშნულ ინიციატივას "კავკასიის ავტოიმპორტში" ნაწილობრივ მიესალმებიან. „საქმის კურსში“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით გულაშვილმა თქვა, რომ სრულად იზიარებენ მოსაზრებას, რომ მანქანების გამონაბოლქვისგან გარემო არ დაბინძურდეს, თუმცა მისი მოსაზრებით, მანქანის წლოვანების მიხედვით შეზღუდვა რელევანტური არ იქნება.

„თუ ჩამკეტი მექანიზმი გარდა „ევრო 5“ სტანდარტისა ავტომობილის წლოვანება იქნება, ეს უფრო დიდი პრობლემა ამერიკულ ბაზარზე ორიენტირებული კომპანიებისთვის აღმოჩნდება. შეიძლება 2010 წლის ავტომობილი იყოს ამერიკაში უფრო მაღალი სტანდარტის, მაგრამ წლოვანების გამო ვერ შემოვიდეს. ეს კარგად შესასწავლი და გასათვალისწინებელია.

მიზანი, რომ ატმოსფერო ნაკლებად დავაბინძუროთ აბსოლუტურად ვიზიარებთ, მაგრამ ისეთი ჩამკეტი მექანიზმი არ უნდა მოვიფიქროთ, რაც ზედმეტად ჩაკეტავს, რადგან ჩაკეტვა გაძვირებას იწვევს.

ვფიქრობთ ავტომობილების წლოვანების მიხედვით შეზღუდვა არა რელევანტურია. თუ ვიტყვით, რომ 2013 წლამდე ავტომობილი ყველა შეუსაბამო სტანდარტია გარემოს დაბინძურებასთან მიმართებაში ეს სწორი შეზღუდვა არ იქნება“, - ამბობს იგი.

რაც შეეხება ბიზნესზე ამ შეზღუდვის გავლენას, ის ამბობს, რომ საბოლოოდ მომხმარებელი დაზარალდება.

„მაგალითად, 2008 წლიანი ავტომობილები ძალიან მოთხოვნადია. 2008 წელში გამოშვებული „პრიუსი“ ძალიან ეკონომიური და იაფია და დიდი მოთხოვნაა, მაგალითად, ვისაც ტაქსის ბიზნესისთვის უნდა. გამოდის ეს ავტომობილები შეიზღუდება, რადგან 2008 წელში გამოშვებული, მიუხედავად იმისა, რომ „ევრო 5“ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ეს ბაზარზე ავტომობილების ფასის ზრდას გამოიწვევს და საბოლოო მომხმარებელი უფრო დაზარალდება ვიდრე სატრანსპორტო კომპანია“, - აღნიშნავს დავით გულაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები