გასული წლის დეკემბერში კომპანია „აკიდომ“ ბაზარზე თავისი წარმოების ბიო ღვინისა და ჭაჭის რეალიზაცია დაიწყო. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა ანი კაჭკაჭაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ოჯახური ბიზნესი კაჭკაჭაშვილებმა გასულ წელს დაიწყეს, უფრო ზუსტად კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 3 ჰა-ზე გაშენებული ვენახიდან აღებული მოსავლიდან გასაყიდად პირველი ღვინო დაწურეს და ჭაჭა გამოხადეს. სხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისგან განსხვავებით, „აკიდოს“ ბიოპროდუქტის შეძენა მომხმარებელს ჯერჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელში მათსავე გვერდზე შეუძლია.
"გასულ წელს პირველად ჩამოვასხით 800 ბოთლი ღვინო. ბიო ღვინის რეალიზაციას სოციალური ქსელში ფეისბუქ გვერდის საშუალებით ვახორციელებთ და დეკემბრიდან დღემდე დაახლოებით 100 შეკვეთა გვაქვს მიღებული, რომელიც სხვადასხვა მოცულობის არის“, - განაცხადა ანი კაჭკაჭაშვილმა.
მისი თქმით, დღეისთვის ძმასთან - ბექასთან ერთად კომპანიის ვებგვერდის შექმნაზე მუშაობს იმისთვის, რომ მოსინჯონ რამდენად წარმატებული იქნება ბიოღვინის მხოლოდ ონლაინ პლატფორმით რეალიზაცია.
„ამ დროისთვის ვმუშაობთ საიტის შექმნაზე, იმისთვის რომ შევძლოთ ჩვენი ღვინის ონლაინ გაყიდვა. პირველი წელი დაკვირვების წელი გვაქვს, რამდენად გავყიდით ონლაინ და შემდეგ უკვე გადავწყვეტთ შევიტანოთ თუ არა მაღაზიებში. მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში თუ ონლაინ გაყიდვები წარმატებული იქნება, მაღაზიებში ჩვენი ღვინის შეტანაზე არ ვიფიქრებთ. ამასთან მაღაზიებზე მეტად ჩვენთვის კორპორატიული შეთავაზებები უფრო საინტერესო მიმართულებაა და ამასაც განვიხილავთ“, - ამბობს „აკიდოს“ თანადამფუძნებელი.
ანი კაჭკაჭაშვილმა ოჯახური ბიზნესის წამოწყებისას ვენახის მოვლისა და ჩადებული ინვესტიციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელს 7 000 ლარი ჩადეს იმისთვის რომ მაღალი ხარისხის ბიოღვინო დაეწურათ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვენახის მოვლა ბიო პროდუქტებით ხდება, საწყის ეტაპზე ოჯახურ ბიზნესში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 7 000 ლარამდე იყო. ჩვენი ვენახი გაშენებულია 3 ჰა-ზე და წელს კიდევ ერთი ჰექტარი დაემატება. ვენახი არის კონვერსიის ფაზაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სერტიფიცირების ორგანო „კავკასსერტი“, რომელიც აკრედიტირებულია გერმანული კომპანიის მიერ, გვიმოწმებს ყოველწლიურად ვენახს. ახლა ვართ გარდამავალ ეტაპზე და კიდევ 1 წელი გვჭირდება იმისთვის რომ სრულად ბიო გახდეს“, - ამბობს მეღვინე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ანი კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის მათი ვენახის ძირითადი ნაწილი რქაწითელის ყურძენს უკავია, ხოლო 5% კაბერნეს ჯიშია. კაჭკაჭაშვილები 2020 წელს ვენახის გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავენ.
„როგორც გითხარით ვენახი 1 ჰა-ზე გაფართოვდება და გვინდა, რომ საფერავის ჯიშის ყურძენი გავაშენოთ, ეს ცოტა მოგვიანებით მოგცემს მოსავალს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. წელს გვინდა რომ ვაწარმოოთ 1500 ბოთლამდე და ამისთვის 3 000 ლარამდე ინვესტიცია უკვე განხორცილებული გვაქვს და 7 ათას ლარამდე დავხარჯავთ ვენახის მოვლაზე წელს, რაც ჯამში 10 ათასი ლარს შეადგენს. ექსპორტზე გატანის სურვილიც გვაქვს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული. ვფიქრობთ, ღვინო აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე გავიტანოთ, ვინაიდან დასავლეთის ბაზარი ფრანგულ და იტალიურ ღვინოებს ათვისებული აქვს და კონკურენცია დიდია“, - განაცხადა ანი კაჭკაჭაშვილმა.