საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის საკითხები წინასწარ ცნობილი არაა, თუმცა სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება რეგიონული უსაფრთხოების, ენერგოპოლიტიკისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობის წარმმართველი სწორედ ენერგეტიკული თანამშრომლობაა, რადგანაც აზერბაიჯანი მისი საექსპორტო საქონლის ნახევარზე მეტს მსოფლიო ბაზარს სწორედ საქართველოზე გამავალი მილსადენების მეშვეობით აწვდის.
დღეს საქართველო ბუნებრივი აირის 80%-ზე მეტს სწორედ აზერბაიჯანიდან იღებს, რის თაობაზეც როგორც შაჰ-დენიზის კონსორციუმთან, ასევე "სოკართან" არსებობს შეთანხმებები. ე.წ. “ოფციური” და “დამატებითი” გაზის ტარიფი, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანიდან ყიდულობს, საჯაროდ ცნობილი არაა, თუმცა ის სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.
პარალელურად, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარიცაა, 2022 წლის 9 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში სულ $489 მილიონის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანმა საქართველოს საექსპორტო რეიტინგში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოდან აზერბაიჯანში მთავარი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, სადაც მიმდინარე წლის 9 თვეში 222 მილიონი დოლარის ღირებულების 23 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე.
რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 471 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, საიდანაც 246 მილიონი დოლარი ბუნებრივ აირზე, 50 მილიონი დოლარი კი ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა. შესაბამისად, ჯერჯერობით საქართველოს ექსპორტი იმპორტს ჭარბობს, თუმცა წლის ბოლო თვეებში გაზის იმპორტის მატებაა მოსალოდნელი, შესაბამისად აზერბაიჯანთან სავაჭრო ბალანსიც შეიცვლება.
საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი აზერბაიჯანში:
1) მსუბუქი ავტომობილები - $222 მილიონი;
2) თამბაქოს ნაწარმი - $20 მილიონი;
3) ნავთობპროდუქტები - $17 მილიონი;
4) ცელულოზა, მუყაო - $16 მილიონი;
5) მედიკამენტები - $15 მილიონი.
აზერბაიჯანის ტოპ 5 საექსპორტო საქონელი საქართველოში:
1) ბუნებრივი აირი - $246 მილიონი;
2) ნავთობპროდუქტები - $50 მილიონი;
3) არმატურა - $39 მილიონი;
4) ცემენტი - $28 მილიონი;
5) კოქსი - $20 მილიონი;
წლების განმავლობაში აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობას უკავშირდებოდა და 2015 წელს აზერბაიჯანიდან პიკური - 581 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა შემდგომ წლებში FDI შემცირდა და მან მთელი 2021 წლის განმავლობაში მხოლოდ 3.5 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ტურიზმს, პანდემიამდე აზერბაიჯანელი ვიზიტორები საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებდნენ. 2019 წელს ქვეყანას სულ 1.5 მილიონი აზერბაიჯანის მოქალაქე სტუმრობდა, რითიც აზერბაიჯანი ტურიზმის რეიტინგში ნომერ პირველ ადგილს იკავებდა. თუმცა პანდემიის გამო ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა, რომელიც სრულფასოვნად ჯერ არ გახსნილა, ამის გამო 2022 წლის 9 თვეში საქართველოს სულ 112 ათასი აზერბაიჯანელი ვიზიტორი სტუმრობდა.