მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ მექანიზმს სჭირდება ბაზრის განვითარება" - ლევან ვეფხვაძე CFD-ზე

6422fb8761910
ნანუკა ნარიმანიძე
28.03.23 23:00
467
ენერგოსექტორის მხარდაჭერის CFD მექანიზმით გამოცხადებულ პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული პირების მიერ ათეულობით საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა დახურული კონვერტის სახით მოხდა. სიმძლავრის აუქციონის კომისიას საუკეთესო წინადადებების გამოსავლენად ერთთვიანი ვადა აქვს. რას ელის ბიზნესი CFD მექანიზმის ამოქმედებით? - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ისაუბრა.

“ამ მექანიზმს ბაზრის განვითარება სჭირდება. მექანიზმებზე აუქციონი ტარდება, თუმცა ამ პროექტების განხორციელებას შეიძლება წლები დასჭირდეს. იმედი გვაქვს,ამ რეალიზებულ აუქციონს ადრე თუ გვიან ბაზრის გახსნა დაეწევა, რადგან თუ არ იქნება ბაზარი, ეს ტარიფები არ იარსებებს, ვინაიდან ტარიფები ბაზრის მიერ განსაზღვრულ ფასებზე არის მიბმული“, - განმარტა მან.

შეგახსენებთ, 31 მარტს უნდა გახსნილიყო ენერგეტიკული ბირჟა, თუმცა, შესაძლოა, ამ თარიღმა გადაიწიოს. ლევან ვეფხვაძის მოსაზრებით, კიდევ ერთხელ გადაწევას თავისი დასაბუთება აქვს.

“ბოლო ერთმა წელმა სხვა შესაძლებლობები გააჩინა - ტრანზიტი, ექსპორტ-იმპორტის კუთხით აქტიური ჩართვა და ა.შ. იმ სიმძლავრეებით, რომელიც (600-700 მგვტ) თურქეთში გადიოდა შარშან და წელს, ქვეყანა სოლიდურ სარგებელს ნახულობს. ეს შესაძლებლობები ქვეყანას აქამდე არ ჰქონია. Მთავარია, ბაზრის გახსნამ სატრანზიტო პოტენციალს საფრთხე არ შეუქმნას, რაც ჩვენ გვაქვს. ის ქვეყნებში, საიდანაც ელექტროენერგიის ტრანზიტი და იმპორტი ხდება, იქ არ არის მსგავსი მექანიზმები, თუ იქ მსგავსი მექანიზმები არ განვითარდება, შეიძლება ამან გარკვეულწილად პრობლემა შექმნას, ვინაიდან, თუ იმპორტი შედის ბაზარზე, მაშინ ის ე.წ. ჩამკეტი ფასი ხდება.
ბაზარი იმისთვის გვინდა, რომ ფასი მოთხოვნაზე იყოს მიბმული. თუ პირობითად აზერბაიჯანში ბაზარი არ არის განვითარებული და არის მთელი დღე და ღამე ერთი და იგივე ტარიფი, მაშინ ჩამკეტი ფასი იქნება ერთი და იგივე და ეს აქ შექმნის პრობლემებს. მივიღებთ "კვაზი ბაზარს", როდესაც გვაქვს ბაზარი, მაგრამ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ფასი ერთი და იგივეა, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა არის“, - დასძინა მან.

შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრისას, ლევან ვეფხვაძემ ხაზი გაუსვა თბოსადგურების არსებობას, რომელიც სუბსიდირებულ გაზზე მუშაობს.

„ბაზრის სამართლიანი ფასის ჩამოყალიბებისთვის სუბსიდირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურები დიდი პრობლემაა, ამაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ იმპორტი არ იქნება ჩამკეტი ფასი, თბოსადგურის ფასი, რომელიც თავის მხრივ სუბსიდირებული ფასია, დააფრთხობს ინვესტორებს და პრობლემებს გააჩენს“ - განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გეგმით, მომდევნო 10 წელში, საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე უნდა გაორმაგდეს და არსებული 4586 მგვტ-დან 9848 მგვტ-მდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, მომდევნო 10 წელიწადში ქარის სადგურებმა 850 მგვტ-ი, მზის სადგურებმა კი, 174 მგვტ უნდა შეიძინოს ენერგოსისტემას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები