მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ სერვისის ლიცენზირების საჭიროება დგას- BAG ელექტრო გაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებაზე

64b93ac5d0086
ანუკა ჯოხაძე
20.07.23 22:51
525
ელექტროგაყვანილობის მოსაწყობად კომპანიებს სავარაუდოდ, ლიცენზიების აღება მოუწევთ- შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. კანონპროექტში წერია, რომ კანონის მიღების შემდეგ დაცული იქნება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უსაფრთხოების ნორმები.

კანონპროექტით დგინდება იურიდიული პირების ლიცენზირების ვალდებულება (შესაბამის რეგულირებად სფეროში) და შესაბამისად, წესდება ლიცენზირების საფასური , რომელიც 200 000 ლარი იქნება და მისი განახლება 2 წელიწადში ერთხელ სავალდებულო იქნება.

ამ მიმართულებით შესაბამის ცვლილებების მხარს უჭერენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, თუმცა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ამბობს, რომ საკითხზე ასოციაცია ჩართულ მხარეებთან კონსულტაციებს გააგრძელებს, იმისთვის, რომ ლიცენზიის მექანიზმის შემოღებამ მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს უძრავი ქონების ფასზე.

“ეჭვ გარეშეა რომ ზოგადად ამ სერვისის ლიცენზირების საჭიროება დგას. იცით თქვენ, ის სავალალო შედეგები რაც გამოწვეული იყო სწორედ იმიტომ რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული. აქ ხაზი უნდა გავუსვათ მსხვილ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც როგორც წესი ისედაც სტანდარტებით ახორციელებენ მსგავსს სამუშაოებს. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ქვეყანაში არსებობდეს ერთნაირი მიდგომა და ყველასთვის ერთნაირი ნორმა.

ცხადია, ამ პროცესში ჩვენ ვიყავით ჩართული. მიგვაჩნია, რომ რეგულაციის შემოღება ქვეყნისთვის საჭირო არის. რაც შეეხება ზეგავლენას, რაც შეიძლება ამას ჰქონდეს სამშენებლო ბიზნესზე ეს დისკუსიის საგანი არის და ჩვენ შეგვიძლია დამატებითი კონსულტაციები გავაგრძელოთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად უზრუნველყოფთ ჩვენ მომხმარებლისთვის სტაბილური ფასები და არ გამოიწვიოს კარდინალური ცვლილება ამ კუთხით. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ დამატებით კონსულტაციებს ბიზნესთან გავაგრძელებთ.”-ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

ცნობისთვის, ლიცენზირების მექანიზმის შემოღების პარალელურად კანონპროექტით გათვალისწინებულია ზედამხედველობის განმახორციელებელი ახალი უწყების შექმნაც. სახელმწიფო ენერგო ზედამხედველობის სააგენტო, იქნება უწყება, რომელიც ექსკლუზიურად გასცემს შესაბამის იურიდიულ პირებზე საქმიანობის ლიცენზიას, უზრუნველყოფს შესაბამისი კადრების გადამზადება/სერტიფიცირებას, მოახდენს ელექტრული ქსელების ტექნიკურ შემოწმებას, გასცემს შესაბამის დასკვნას და განახორციელებს შესრულების მონიტორინგს.

დოკუმენტის მიხედვით 2024 წელს სააგენტოს ფუნქციონირებისთვის 2 მილიონ 757 ათასი დასჭირდება, თუმცა 2025 წლიდან უწყება მიღებული შემოსავლით საკუთარი ბიუჯეტის ფორმირებას მოახდენს. პარლამენტში კანონის მიღებას საშემოდგომო სესიაზე ვარაუდობენ, ვალდებულებების ნაწილი ბიზნესისთვის არსებული რედაქციით 2023 წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, სრულად კი კანონი ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები