მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამაზე აპელირება არასერიოზულია“ – ხუხაშვილი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ დევნაზე

64a908df8fd95
ელენე კვანჭილაშვილი
07.07.23 22:35
1101
„პოლიტიკურ რისკებზე რომ არის ლაპარაკი, რომელ პოლიტიკურ რისკებზეა – თქვენ რაიმე პოლიტიკური განცხადება პოლიტიკური პოზიცია ბაჩიაშვილისგან მოგისმენიათ სადმე?“ – ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–ში გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

გუშინ პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გუშინვე სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ მრჩეველს 8 253 ცალ ბიტკოინის მითვისებას ედავებიან, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში 39 მილიონი დოლარი იყო. დღევანდელი კურსით კი ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს.

დღეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებების დაცვის პროცესში საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი ჩაერთო, რომლის მმართველი პარტნიორიც, რობერტ ამსტერდამი პროკურატურის მიერ 6 ივლისს გაჟღერებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"ჩვენს ფირმას აქვს პატივი იმოქმედოს როგორც ბ-ნი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურდიულმა მრჩეველმა და ჩვენ ვაპირებთ აგრესიულად ვიმოქმედოთ მისი უფლებების დასაცავად და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შემდეგ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ბრალდებების სათავე არ ეფუძნება არცერთ ფაქტობრივ დასკვნას და არც სერიოზულ გამოძიებას, სამაგიეროდ, ბრალდებები, როგორც ჩანს, მიზანმიმართული დევნის შედეგია. გიორგი ბაჩიაშვილი არის დიდი გამოცდილების მქონე მეწარმე უნაკლო რეპუტაციით, რომელსაც ახლა დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ბრალდებები ქვეყნის სირცხვილია და ჩვენ ვაპირებთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, როგორც ქვეყნის შიგნით – ჩვენს ადვოკატთან ერთად საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე,"- ნათქვამია იურიდიული ფირმის მმართველი პარტნიორის განცხადებაში.

გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ დევნაზე აპელირება არასერიოზულია. „შეიძლება არის სპეციფიური პოლიტიკური რისკები ,მაგრამ ეს ბაჩიაშვილის კრიტიკულ დამოკიდებულებას არ უკავშირდება: ის ყოველთვის იყო აბსოლუტურად დისტანცირებული პოლიტიკისგან და ახლა ამაზე აპელირება არასერიოზულია“ – ამბობს გია ხუხაშვილი ‘ანალიტიკა’–სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები