მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon India მომავალი ინჟინრებისთვის ონლაინ აკადემიას ხსნის

5ffee62742590
თათია კაკიაშვილი
14.01.21 00:20
831

კოვიდ პანდემიის პერიოდში ონლაინ სწავლებაზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, "ამაზონმა" სწავლების ამ მეთოდის დანერგვა თავადაც გადაწყვიტა. ელექტრონული კომერციის გიგანტმა ონლაინ აკადემია შექმნა, რომელიც ინდოეთის ყველაზე კონკურენტულ კოლეჯებში მისაღები გამოცდებისთვის სტუდენტებს დისტანციურად მოამზადებს. ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. 

"ამაზონ აკადემია" - ასე ჰქვია მოსამზადებელ ცენტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდის და სმარტფონების აპლიკაციის მეშვეობით. "როიტერსის" ცნობით, აკადემია დაინტერესებულ სტუდენტებს თავად აწვდის სასწავლო მასალას, სთავაზობს ე.წ. “ლაივ” ლექციებს და შეფასებებს; რაც მთავარია, მისი მიზანი ერთია - დაეხმაროს სტუდენტებს ერთიანი მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, რომელიც ინდოეთის მაღალრეიტინგულ საინჟინრო სკოლებში ჩარიცხვის საშუალებას იძლევა.

“ამაზონ აკადემიით” უკვე არაერთი სტუდენტი დაინტერესდა. კომპანიამ თავიდანვე განმარტა, რომ პლატფორმაზე სწავლა, ისევე, როგორც სასწავლო მასალები, ამაჟამად უფასოდ არის ხელმისაწვდომი და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაშიც ასე გაგრძელდება. რაც შეეხება უშუალოდ ინჟინერიის სასწავლო მიმართულებას, როგორც ჩანს, ინდოეთში ის საკმაოდ პოპულარულია, რადგან ყოველწლიურად, დაახლოებით, ორი მილიონი მსურველია, ვისაც ბაკალავრიატის ხარისხის მოპოვება სწორედ ამ სპეციალობით სურს. საგულისხმოა ისიც, რომ მაღალი მოთხოვნის გამო, ინდოეთის წამყვან უნივერსიტეტებში ინჟინერიის მიმართულებაზე სწავლის გასაგრძელებლად, მაღალი აკადემიური ქულების მოპოვებაა საჭირო, ამ მიზნით კი, აბიტურიენტები კერძო რეპეტიტორებთან დამატებით კურსებს გადიან, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინდოეთის უმეტესი ოჯახისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. საგულისხმოა ისიც, რომ პანდემიის პერიოდში ბევრი ასეთი მოსამზადებელი ცენტრი დაიხურა. 

ეკონომისტების პროგნოზით, ინდოეთში ონლაინ სწავლებაში გადასახდელი თანხა 1-დან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 2022 წლისთვის 6-ჯერ გაიზრდება და წლიურად 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო სტუდენტებისთვის ეს გადასახადი თითქმის ოთხჯერ გაიზრდება, რითაც 1,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამ ფონზე კი “ამაზონ აკადემიის” უფასო ონლაინ რეპეტიტორობა ქვეყნის აბიტურიენტებისთვის ნამდვილი შესაძლებლობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები