მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანა წითლიძე: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებისა და გლეხების საჭიროებებს აცდენილია

625868b0a05c1
BM.GE
14.04.22 22:33
746
„ვუსმენდი თქვენს გამოსვლას და პასუხებს შეკითხვებზე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამინისტრო აცდენილია ფერმერებისა და გლეხების საჭიროებებს - არავინ არ გთხოვთ, რომ თქვენი მინისტრობის ვადაში მოგვარდეს ყველაფერი, მაგრამ იმას ნამდვილად ვითხოვთ, რომ თანმიმდევრული და სტრატეგიული იყოს სამინისტროს მუშაობა“,- ამის შესახებ ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს.

დეპუტატმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„ვიცი, რომ დიდი ხანია, სამინისტროში მუშაობთ, ხართ კომპეტენტური და გახასიათებენ, როგორც კარგ საჯარო მოხელეს, მაგრამ მე დღეს გისმენდით მინისტრს, რომელიც უკვე ხართ ამ სისტემის ტყვეობაში. თქვენს პასუხებს ეს ნამდვილად ეტყობოდა. თქვენ მე მიპასუხეთ ზუგდიდში ცემენტის ქარხანაზე და მითხარით, რომ ნებართვა გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა. მე გეუბნებით, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ ცემენტის ქარხნის მშენებლობა ზუგდიდში დაიწყო ისე, რომ არანაირი ნებართვა მის მეპატრონეს, „ტყის ძმების“ მეთაურს, დათო შენგელიას ამასთან დაკავშირებით არ ჰქონია. ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა ნულოვანი ვალდებულებით აუქციონი. აღმოჩნდა, რომ ეს აუქციონი მოიგო დათო შენგელიამ, რომელმაც ისე, რომ თქვენგან ეს ნებართვა არ ჰქონია, დაიწყო მშენებლობა და მას შემდეგ მიეცით ნებართვა, როდესაც მან მშენებლობა დაასრულა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რატომ მიეცით მას ნებართვა მაშინ, როდესაც ეს საქმე არის სასამართლოში და მაინტერესებს, თუ გაქვთ წაკითხული ან თუ იცნობთ ზუგდიდელების აზრს და „მწვანე ალტერნატივის დასკვნას“ იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად ამ ცემენტის ქარხნის მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის ზუგდიდელებს?“,- მიმართა ანა წითლიძემ მინისტრს.

პარლამენტის წევრმა ისაუბრა ეკოლოგიურ საფრთხეებზეც, რომლებსაც მისი თქმით, ანაკლიაში არსებული ქვიშის გორები ქმნის. ანა წითლიძის შეფასებით, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა მდინარე ხობისწყალიც. დეპუტატმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საწვავისა და სასუქის ფასებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემასა და იაფ კრედიტთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, მეორადი ნარჩენების წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

მისივე შეფასებით, დაცული ტერიტორიებიდან შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი მუნიციპალიტეტების განვითარებას უნდა ხმარდებოდეს.

„თუ ვსაუბრობთ რეგიონების და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაცული ტერიტორიებიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი აუცილებლად უნდა რჩებოდეს ადგილზე, სხვანაირად ვერ განვითარდება ვერც რეგიონი და ვერც სოფლის მეურნეობა. ნამდვილად მჯერა, რომ სოფლის მეურნეობასაც მხოლოდ მაშინ ეშველება, როდესაც ეს ხელისუფლება აღარ იქნება უმრავლესობაში“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები