მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლია, ხუდონჰესი... მსგავსი პროექტები ჩვენთვის საინტერესოა - საპენსიო სააგენტო

6426e164d2781
ელენე გოგბერაშვილი
02.04.23 11:49
1417
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საპენსიო რეფორმის გამოწვევების შესახებ კვლევა მოამზადა. IDFI საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოების და საპენსიო აქტივების რისკიან პორტფელში განთავსების საჭიროებას ხედავს. რეკომენდაციებს შორისაა, ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს შეუწყდეთ საბაზისო პენსია და გაიზარდოს საპენსიო ასაკის ზღვარი. ამასთან, IDFI-ის რეკომენდაციაა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მოხდეს ფინანსურ ინსტრუმენტებში და არა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგალითად ხუდონჰესის ან ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაზეც მთავრობა საუბრობს.

საპენსიო სააგენტო ადასტურებს, რომ მსგავსი პროექტები, როგორც ალტერნატიული აქტივების კლასები მათთვის საინტერესოა, თუმცა კონკრეტული პროექტების დასახელებისგან სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი თავს იკავებს.

„მსგავსი პროექტები: ანაკლია, ხუდონჰესი, ამას ჩვენს სამყაროში, ფინანსებში ჰქვია ალტერნატიული აქტივების კლასები, რომელიც ჩვენთვის ზოგადად საინტერესოა. ყველა გრძელვადიან საინვესტიციო ფონდში მნიშვნელოვანი წილი უკავია ამ არატრადიციულ აქტივებს, როგორიცაა პირდაპირი სესხის გაცემა ან მსგავსი. ჩვენთვისაც მსგავსი აქტივის კლასი, რაც არის ალტერნატიული აქტივის კლასი საინტერესოა, რადგან მეტი საშუალებაა ფულის დაბანდების, ნაკლები კორელაცია აქვს გლობალურ ბაზრებთან, ნაკლები ვოლატილობა აქვს პორტფელთან და მეტი ზრდის პერსპექტივა აქვს გრძელვადიან პერიოდში.

ანუ ეს საინტერესოა, მაგრამ კონკრეტული პროექტების დასახელება ახლა არ შემიძლია, რადგან ჩვენთან არ განხილულა მსგავსი რამ. უნდა მოხდეს ყველა მსგავს პროექტის დეტალური გაანალიზება, როგორია სტრუქტურა დაფინანსების, როგორია სინდიკატი, ვინც აფინანსებს, როგორია ეკონომიკური უკუგება, როგორია მომგებიანობა. კონკრეტული პროექტის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ გაგვივლია არცერთი მათგანი. როგორც აქტივის კლასი საინტერესოა, როგორც ინფრასტრუქტურა, ისე ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტები, თუმცა კონკრეტული პროექტის თქმა გამიჭირდება“,-აცხადებს გოგა მელიქიძე.

რაც შეეხება ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციას, სებ-ის ვიცე-პრეზდენტი ნიკოლოზ გაგუა ამბობს:

„სებ-ის პოზიცია არის ძალიან მარტივი. ეს არის აქტივების მმართველების გადასაწყვეტი. ეს არ არის არც სებ-ის, არც მთავრობის გადასაწყვეტი. აქტივების მმართველები გვყავს იმიტომ, რომ მათ განსაზღვრონ მონაწილეთათვის სად ინვესტირება უმჯობესია, მათი აქტივების მაქსიმიზაციის მიზნით. ასეთია ეროვნული ბანკის პოზიცია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები