მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანაზღაურების ზრდას კომპანიის ხარჯზე ვითხოვთ“ – Wolt-ის კურიერების განცხადება

63ee18c966a1f
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.23 15:45
1223
„ვოლტის“ პარტნიორი კურიერების პროტესტი გრძელდება და აქციის მონაწილეები აქციებს ყოველ კვირა დღეს 14 საათზე აანონსებენ, რათა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციებზე მისვლა შეძლონ.

აქციის ორგანიზატორების ვრცელ განცხადებაში, პარტნიორი კურიერების პოზიცია რამდენიმე საკითხთან მიმართებით არის დაფიქსირებული. ისინი „ვოლტ ჯორჯიას“ მენეჯმენტში კონკრეტულ პირებს ანტიკონსტიტუციურ დევნასა და დეჰუმანიზაციაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას დიდ დარბაზში ითხოვენ, სადაც ყველა კურიერის დასწრება იქნება შესაძლებელი.

„გრძელდება ვოლტის კურიერების უწყვეტი პროტესტი, რომლის ფარგლებშიც 15 თებერვალს, ვოლტის ოფისთან პარტნიორმა კურიერებმა აქცია გამართეს. პროტესტის მოთხოვნებია ღირსეული ანაზღაურება, დირექტორი ნატალია ხიზანიშვილის და ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ჯაკობიას „ვოლტ ჯორჯიადან“ (მფლობელი ვოლტ ფინეთი) გათავისუფლებაა, რომელთაც სხვადასხვა დროს აწარმოეს კურიერების ანტიკონსტიტუციური დევნა, შევიწროვება და დეჰუმანიზაცია.

გუშინ აქციაზე, პარტნიორმა მცირე მეწარმე კურიერებმა დააყენეს კოლექტიური მოლაპარაკების პირობა, „ვოლტ ჯორჯიამ“ ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტოდ შეურაცხმყოფელი და პარტნიორების დამამცირებელი განცხადება გაავრცელა.

ირკვევა, რომ „ვოლტ ჯორჯიას“ წარმოუდგენლად მიაჩნია საკონფერენციო დარბაზში მოლაპარაკებების წარმოება მისი პარტნიორი ყველა კურიერის თანდასწრებით.

ეს წარმოუდგენლად დამამცირებელი განცხადება ცხადყოფს „ვოლტ ჯორჯიაში“ გამეფებულ ანტიადამიანურ დამოკიდებულებას.

გაურკვეველია, რატომ არის წარმოუდგენელი კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება პარტნიორ კურიერებთან ერთად საკონფერენციო დარბაზში? თუ „ვოლტ ჯორჯიას“ მენეჯმენტს, ან სხვა ორგანიზაციის /კომპანიების თანამშრომლებსა და დირექტორატს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის კონფერენციების გამართვა კონსტრუქციულ რეჟიმში ვინ და რატომ დაასკვნა, რომ ასეთი შეხვედრა კურიერების მონაწილეობით არ შეიძლება გაიმართოს?

მიგვაჩნია, რომ „ვოლტის“ მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს არსებული ხელმძღვანელობის არაადამიანურ დამოკიდებულებას კურიერების მიმართ.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ სასწრაფოდ გვსურს მოლაპარაკებების დაწყება და ეს მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს საკონფერენციო დარბაზში ყველა პარტნიორი კურიერის თანდასწრებით - კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში, რომელსაც დაესწრებიან სხვადასხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციები, იურისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი“, - ნათქვამია კურიერების განცხადებაში.

პროტესტის მონაწილეები ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ ჰაიდი ჰაუტალას მიმართავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ფინური კომპანიის ქართული წარმომადგენლობა პარტნიორი კურიერების დევნას ახორციელებს.

„მივმართავ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ ჰაიდის, რომელმაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ გაჩენილი საპროტესტო ტალღის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა - "მიხარია, რომ ვხედავ ქართველი ხალხის ამ ახალი ტიპის მობილიზაციას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ"

ქალბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენი საპროტესტო ტალღაც სწორედ ამ "ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური სისტემის" წინააღმდეგაა, რომელიც ადამიანებს იმონებს და ეკონომიკური ბერკეტებით ცდილობს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. (იხ. სახალხო დამცველის წინასწარი განცხადება, რომელიც პირველივე კომენტარშია). თქვენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტობის გარდა, ფინელი პოლიტიკოსიც ბრძანდებით. „ვოლტ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელია „ვოლტ ფინეთი“. წარმოუდგენელია, რომ ფინური კომპანიის ქართული ფილიალი საქართველოში არამარტო ლახავს შრომით უფლებებს, არამედ დაკავებულია ადამიანების დევნით, დისკრიმინაციითა და დეჰუმანიზაციით საბჭოთა კგბ-ს სტილში.

უმორჩილესად გთხოვთ, შეისწავლოთ საკითხი და რაც შეიძლება დროულად დაგვიჭიროთ მხარი ამ უსამართლო და მართლაც დესტრუქციულ სისტემასთან ბრძოლაში.

ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - ღირსეული ანაზღაურება და „ვოლტ ჯორჯიადან“ ადამიანების მჩაგვრელი დირექტორის ნატალია ხიზანიშვილისა და გიორგი ჯაკობიას გათავისუფლება“, - აცხადებენ კურიერები.

რაც შეეხება ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნას, კურიერები აცხადებენ, რომ ცვლილება კომპანიის ფინანსების ხარჯზე უნდა მოხდეს და არა მომხმარებლის ხარჯზე.

„ვითხოვთ კომპანიისგან, რომელიც 3 მლნ ლარამდე სუფთა მოგებას ნახულობს, უზრუნველყოს ჩვენი ანაზღაურების ზრდა კომპანიის ხარჯზე და არა მომხმარებლების. ამასთან, ვითხოვთ გამჭვირვალე სისტემის დანეგრვა, სადაც კურიერებს ექნებათ წვდომა შეკვეთის ყველა ფინანსურ დეტალზე. რადგან საკურიერო ანაზღაურება საკმაოდ რთული სისტემაა ფართო საზოგადოებისთვის გასაგებად, ამიტომ ჩვენს მოთხოვნებს ტარიფთან დაკავშირებით ცალკე განცხადების სახით გავავრცელებთ მოლაპარაკების დაწყებამდე“, - აცხადებენ პარტნიორი კურიერები.

ისინი ქართველ ხელოვანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან, რომელთა შორის ამ დროისთვის სტეფანე მღებრიშვილი, თამადა, ერეკლე დეისაძე, ვინდა ფოლიო, ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე არიან, „სია გრძელია და იზრდება ყოველდღიურად, ამიტომ აქ მათ ჯერ არ ჩამოვთვლით, თუმცა სხვადასხვა პლატფორმაზე შესაძლებელია მათი მხარდამჭერი ვიდეოების ნახვა და ყოველდღიურად გავაგრძელებთ ვიდეოებს“, - აღნიშნავენ კურიერები და რეაგირებისკენ მოუწოდებენ ადგილობრივ უფლებადაცვით ორგანიზაციებს და სთხოვენ მიმდინარე პროცესებზე ოფიციალური განცხადება გაავრცელონ.

„ჩვენი პროტესტი გრძელდება და კვირაში ერთხელ, კურიერები და ქართველი საზოგადოება „ვოლტ ჯორჯიას“ ოფისთან შეკრებას გავაგრძელებთ.

აქციები გაიმართება ყოველ კვირა დღეს, 14:00 საათზე, ი. აბაშიძის 38-ში, რადგან მასზე დასწრება ჩვენმა თანამოქალაქეებმა უფრო თავისუფლად შეძლონ.

სამართალი კურიერებისთვის! არ გავჩერდებით! არ დავნებდებით!“, - აცხადებენ „ვოლტ ჯორჯიას“ პარტნიორი კურიერები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები