მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანგუსის სტეიკის ქართული ისტორია - "ანგუს ჯგუფის" 2 მლნ-იანი ინვესტიცია მესაქონლეობაში

5df89b63dcb5e
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.19 14:00
10580
„1 თვის განმავლობაში 1.5 ტონა ანგუსის ხორცის რეალიზაცია განვახორციელეთ და ვფიქრობ, მომავალში 5 ტონამდე ავალთ“, - ამის შესახებ bm.ge-ის შპს „ანგუს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ოთარ კობახიძემ განუცხადა, რომელიც სოფელ მარტყოფში მესაქონლეობის ფერმას ფლობს. კომპანიას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2018 წლის დასაწყისში გადაეცა.

მისი თქმით, კომპანიამ მესაქონლეობის ფერმაში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და ბიზნესი, რომელიც გასული წლის დასაწყისში 40 სული საქონლით დაიწყო, დღეს უკვე 200 სულ ანგუსს ითვლის; შესაბამისად, ბიზნესმენი გაფართოებაზეც აქტიურად ფიქრობს.

„დღეს, როგორც გითხარით 200 სული ანგუსი გვყვავს ფერმაში; სამწუხაროდ, არსებული მიწის ნაკვეთი 300-ზე მეტ სულს ვერ დაიტევს, ამიტომ მას შემდეგ, რაც კიდევ 100 ანგუსით გავზრდი ფერმას, ვგეგმავ, შევისყიდო უფრო დიდი ნაკვეთი, სადაც 500 სულამდე ანგუსის ჯიშის საქონელი განთავსდება და ასევე, სასაკლაოს გახსნის შესაძლებლობაც მექნება“, - განაცხადა „ანგუს ჯგუფის“ მფლობელმა.

Bm.ge-ისთან საუბრისას, ოთარ კობახიძემ ისიც გაიხსენა, თუ რატომ გადაწყვიტა მესაქონლეობაში ინვესტირება.

„გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში არ ვცხოვრობდი; რომ ჩამოვედი, გადავწყვიტე, მესაქონლეობის დარგში დავსაქმებულიყავი და ქართული ბაზრისთვის ყველაზე უცხო, ანგუსის ჯიშის სახორცე საქონელი ჩამომეყვანა.
ამისკენ იმანაც მიბიძგა, რომ საქართველოს ბაზარზე ანგუსის სასტეიკე ნაჭრების სარეალიზაციო ნიშა თავისუფალი იყო, ამიტომაც გადაწყვიტეთ, მესაქონლეობის დარგში სწორედ ამ ჯიშის საქონელი მოგვეშენებინა და ბაზრისთვის ქართული სტეიკი მიგვეწოდებინა. ასე გავხდი საქართველოს ბაზრისთვის ანგუსის სასტეიკე ხორცის პირველი ქართველი მიმწოდებელი. მიუხედავად იმისა, რომ სულ თვენახევარია, რაც ბაზარზე ჩვენი პროდუქტი გამოჩნდა, ვთანამშრომლობთ, როგორც ჰიპერმარკეტებთან, ასევე რესტორნებთან და სასტუმროებთან“, - ყვება ოთარ კობახიძე.

BM.GE-ის კითხვაზე, რამდენად დიდია მოთხოვნა საქართველოს ბაზარზე და როგორია პროდუქტის ფასი და კონკურენცია, კომპანიის დამფძნებელმა თქვა, რომ 1 თვეში 1.5 ტონა ხორცის რეალიზება განახორციელეს.

„მიხედავად იმისა, რომ ეს არ არის დაბალფასიანი პროდუქტი, რამდენიმე სახეობის პროდუქტი გვაქვს და 1 კილოგრამის ფასი საშუალოდ 37 ლარია, ჩვენს სასტეიკე ხორცზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. 1 თვის განმავლობაში 1.5 ტონის რეალიზაცია განვახორციელეთ და ვფიქრობ, ეს რიცხვი თვეში 5 ტონამდე გაიზრდება. რა თქმა უნდა, ამისთვის დრო დაგვჭირდება, მაგრამ ნახევარ წელიწადში ეს შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება კონკურენციას, სულ ორამდე კომპანიას შემოაქვს ალბათ იგივე სახეობის ხორცი და მისი ფასი გაცილებით მაღალია, შესაბამისად კონკურენტებად ვერ განვიხილავ“, - განაცხადა „ანგუს ჯგუფის“ დამფუძნებელმა.

ოთარ კობახიძე bm.ge-ის ბიზნესის წარმოებისას შექმნილ პრობლემებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კომპანიისთვის მთავარ გამოწვევას სასაკლაოებზე მომსახურების დაბალი ხარისხი წარმოადგენს.

„როდესაც აწარმოებ ამ ტიპის პროდუქტს, ფასი უნდა შეესაბამებოდეს ხარისხს. სამწუხაროდ, საქართველოში სასაკლაოებზე მომსახურების დონე დაბალია, შესაბამისად, სამომავლოდ ვფიქრობ, საკუთარი სასაკლაო გავხსნათ, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს“, - ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები