მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი ChatGPT-ისა და Bard-ის კონკურენტს - Ajax-ს ქმნის

64ba50495748d
გიორგი არონია
21.07.23 13:46
895

ბოლო თვეებში, გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრია ერთი იდეის - ხელოვნური ინტელექტის გარშემო გაერთიანდა. პირველად, ამ სივრცეში Microsoft-ის შვილობილი OpenAI-ი გამოჩნდა, რომელმაც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს მსოფლიოს გარშემო სახელი გაუთქვა. მოგვიანებით, პროცესში Google-ი და თავად Microsoft-იც ჩაერთნენ, რომელთაც Bard-ი და Bing AI-ი შექმნეს. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩუმად იყო ერთი კომპანია, რომელიც, წესით და რიგით, ამ ყველაფრის ფონზე ვაკუუმში არ და ვერ უნდა ყოფილიყო. ეს კომპანია ამერიკული Apple-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $3 ტრილიონს აღემატება.

ამიერიდან, როგორც ჩანს, სიჩუმე არც ტიმ კუკის სამფლობელოში იქნება. როგორც Apple-ის ყველაზე გავლენიანი ინსაიდერი, Bloomberg-ის მარკ გარმენი წერს, ბოლო თვეებში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე Apple-ის რამდენიმე გუნდი გადაერთო და საბოლოოდ, მათ ისეთივე ენობრივი მოდელი შექმნეს, როგორსაც ნებისმიერი სხვა გენერაციული AI-ხელსაწყო ეფუძნება. ამასთან, Apple-მა შიდა მოხმარებისთვის ჩატბოტიც გაუშვა, რომელიც იმდენად ჰგავს OpenAI-ის ხელოვნურ ინტელექტს, რომ თანამშრომლები, მას შინაურულად, Apple GPT-ს უწოდებენ.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ამ ახალ წამოწყებას ბერძენი გმირის, აიაქსის სახელი ჰქვია. Ajax-ი ჩარჩო, იგივე ფრეიმვორქია, რომელსაც Apple-ის თანამშრომლები და სამომავლოდ, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანი, ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა აპლიკაციების შესაქმნელად იყენებს. თავდაპირველად, Apple-ის შიგნით Ajax-ი მანქანური დასწავლის რამდენიმე დეპარტამენტის გასაერთიანებლად შეიქმნა, მაგრამ პროცესში, ამ ადამიანებმა Apple-ის საძიებო ველი, რუკები და ხმოვანი ასისტენტი - შირი გააუმჯობესეს.

რეალურად, Apple-ის ხმოვანი ასისტენტი სწორედ ისაა, რასაც განახლება ყველაზე მეტად სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ასეთი პროდუქტი ბაზარზე გამოიტანა, მას შემდეგ, ტრენდს ტექნოლოგიური გიგანტებიც აყვნენ და რეალურად, უკეთესი პროდუქტი შექმნეს. იმ დროს, როცა Google-ის ასისტენტს ადამიანებთან დიალოგში შესვლა და, მაგალითად, რესტორანში მაგიდის დაჯავშნა შეუძლია, შირი-ს მაქსიმუმია, რესტორნის ნომერი აკრიფოს.

როგორც გითხარით, აიაქსის ერთ-ერთ ძირეულ მიმართულებას ChatGPT-ის მსგავსი გენერაციული ჩატბოტი წარმოადგენს, ანუ აპლიკაცია, რომელიც კონკრეტულ კითხვებზე კონრეტულ პასუხებს გაძლევთ. ამ ეტაპზე, Apple-ის ეს ჩატბოტი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, ისიც თანამშომელთა ვიწრო წრისთვის, მაგრამ როგორც ცნობილია, ის ძალიან ჰგავს Bard-ს, ChatGPT-სა და Bing AI-ს. აპლიკაცია ჩაშენებულია ვებბრაუზერში და ამ ეტაპზე, საკმაოდ მინიმალისტურია.

ამის ფონზე, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიაში ჯერაც ფიქრობენ ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაციაზე. ამ ეტაპზე, ტექნოლოგიის გამოყენება პროგრამული უზრუნველყოფისა და ქლაუდ-ტექნოლოგიის მიმართულებით განიხილება, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ Apple-მა ხელოვნურ ინტელექტს გამოყენება სამომხმარებლო მოწყობილობებშიც მოუძებნა. პროექტ “აიაქსს” მანქანური დასწავლისა და ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელი, ჯონ ჯანანდრეა და პროგრამული ინჟინერიის ხელმძღანელი, კრეგ ფედერიგი ხელმძღვანელობენ, მაგრამ რას გადაწყვეტენ ისინი ჯერ უცნობია. თუმცა, როგორც მარკ გარმენი წერს, მომავალ წელს კომპანიისგან მნიშვნელოვან სიახლეს უნდა ველოდოთ.

საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელის განვითარების პარალელურად, Apple-მა ChatGPT-იც გამოცადა და რეალურად, OpenAI-სთან ფართო თანამშრომლობის დაწყებასაც გეგმავდა. ტექნოლოგიურ სამყაროში ეს მიღებული პრაქტიკაა. OpenAI-ის სერვისებს Microsoft-ი, Shutterstock-ი და Salesforce-ი იყენებენ, ხოლო თავად Apple-ი Ajax-ისთვის Google-ის მანქანური დასწავლის ჩარჩოს - Jax-ს იყენებს. ამასთან, Apple-ი Google Cloud-ს და Amazon-ის AWS-ის სერვისებსაც იყენებს.

ყველა ამ კომპანიამ, ხელოვნური ინტელექტის ბუმით ნაწილობრივ უკვე ნახეს სარგებელი, ხოლო გუშინ, პირველადი ზრდა Apple-მაც აჩვენა. Bloomberg-ის მიერ სიახლის გავრცელებისთანავე, Apple-ის აქციების ფასმა 2.3%-ით იმატა, ხოლო Microsoft-ის აქციების ღირებულებამ 1%-ით იკლო.

დაველოდოთ და ვნახოთ, თუ როდის და როგორ ამოყოფს თავს ხელოვნური ინტელექტი Apple-ის ეკოსისტემაში, რომელსაც მომდევნო წლებში დაემატება, როგორც შერეული რეალობის სათვალე, ასევე, პოტენციურად, ავტომობილიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები