მიმდინარე წლის აპრილში, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ საკუთარ მომხმარებლებს საინტერესო ახალი პროდუქტი შესთავაზა. ეს ინდუსტრია ბანკინგია, ხოლო პროდუქტი - სადეპოზიტო პორტფელი, რომელიც მომხმარებლებს წლიურ 4.15%-ს სთავაზობს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე კონკურენტების შემთხვევაში.
საბანკო ბიზნესის ათვისებას Apple-ი ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკთან, Goldman Sachs-თან ერთად გეგმავს. ტრადიციული განმარტებით, ბანკი დეპოზიტების მიმღები უწყებაა, ასე რომ ამ დეფინიციით, Apple-მაც, გარკვეულწილად, ბანკად გარდაქმნის პროცესი დაიწყო. ეს ტენდენცია, თავისთავად, მოულოდნელი არ არის, რადგან ბოლო წლებში, ტექნოლოგიური კომპანიები ფინტექ-კომპანიებად, ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები კი - ტექნოლოგიურ კომპანიებად ყალიბდებიან.
სადეპოზიტო ანგარიშის გაშვების დღეს, მომხმარებლებმა Apple-ის სადეპოზიტო ანგარიშებზე $400 მილიონი, გაშვებიდან ოთხი დღის შემდეგ კი $990 მილიონი შეიტანეს, რაც ობიექტურად ფენომენალური მაჩვენებელია. დღევანდელი მონაცემებით კი, Apple-ის სადეპოზიტო ანგარიშზე $10 მილიარდი დოლარი არის შენახული.
მაღალი საპროცენტო სარგებლის გარდა, Apple-ის ფინანსური პროდუქტი მომხმარებლებს მისი სიმარტივითაც ხიბლავს, რადგან ანგარიშის გახსნას რამდენიმე წუთი სჭირდება, თან მომხმარებლებს არც საკომისიოების გადახდა უწევთ და არც მინიმალური ბალანსის მოთხოვნები აქვთ დასაკმაყოფილებელი. ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც Apple-ი საკუთარ მომხმარებლებს უწესებს - დეპოზიტის მაქსიმალური ლიმიტია, რომელიც $250 ათასით განისაზღვრა. ეს მოცულობა შემთხვევით შერჩეული არ არის, რადგან ეს სწორედ ის თანხაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია დეპოზიტარს იმ შემთხვევაში უნაზღაურებს, თუ ბანკი გაკოტრდა.