მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აქა-იქ გამოკრული ბილბორდები არაა ვაქცინაციის ის კამპანია, რაც საქართველოს სჭირდება” - ქეთევან ჩხატარაშვილი

62022c202a9d2
ანუკა ჯოხაძე
08.02.22 22:00
562
20 ბილბორდი თბილისის ქუჩებში, საინფორმაციო ბუკლეტები, პირდაპირი შეხვედრები და მედია სემინარები - ეს ის ძირითადი აქტივობებია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულებისთვის განახორციელა. ვაქცინაციის კამპანია რომ დაგვიანებული იყო, ამაზე ჯანდაცვის სპეციალისტები მთელი წლის განმავლობაში საუბრობდნენ, საბოლოოდ კი ვერც ვაქცინაციის ეროვნული გეგმა შესრულდა. ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ნაცვლად 2021 წლის ბოლომდე მხოლოდ მოსახლეობის 42% აიცრა.

ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი ამბობს, რომ დაგვიანებულმა საინფორმაციო კამპანიამ ქვეყანაში ვაქცინის მიმართ ნდობა კიდევ უფრო მეტად დაასუსტა.

შესაბამისად, მისი თქმით, დღეს კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანია იმუნიზაციის საბჭოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულების საკითხი. ჩხატარაშვილის თქმით, ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და ქალაქში აქა-იქ გამოკრული ბილბორდები არ არის ის კამპანია, რაც ამ სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს სჭირდება. მოსახლეობა მუდმივად უნდა იღებდეს, რაც შეიძლება დაზუსტებულ და კორექტულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის მიწოდებას უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი.

ამ თემაზე უნდა საუბრობდნენ პროფესიონალები. გასაგებია, რომ ამ კამპანიაში ცნობადი სახეები უნდა იყვნენ ჩართულები, ოღონდ უნდა იყვნენ ჩართულები პოზიტიურად. სწორ ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და არა იმ სახით, რა სახითაც დღეს. შეიძლება დღესაც ამის გაკეთება, უბრალოდ რამდენად ექნება ამას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აზრი იმისთვის, რომ ახალ სამიზნე მაჩვენებელს მივაღწიოთ, ეჭვს იწვევს. ეს ყველაფერი დღეს ძალიან დაგვიანებულია.

სამწუხაროდ, ანტივაქსერული განწყობა მოსახლეობაში გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ეს თუნდაც 2020 წლის დასაწყისში იყო. სამჯერ მეტი იქნება გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის შედეგი მივიღოთ, რაც საჭიროა რომ გვქონდეს.” - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი, ქეთევან ჩხატარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები