საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა" მისი შვილობილი კომპანია Georgian Water and Power-ის 80%-იანი წილი ესპანურ კომპანია Aqualia-ს 180 მილიონ დოლარად მიყიდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმებით, 2025 და 2026 წლებში Aqualia-მ დარჩენილი 20%-იც უნდა გამოისყიდოს, შესაბამისად გარიგების მთლიანი ღირებილება 225 მილიონ დოლარს შეადგენს. მხარეებმა ნასყიდობის შესახებ შეთანხმების მიღება 2021 წლის 31 დეკემბერს გაასაჯაროვეს. ინვესტორი კომპანია Aqualia ხელმძღვანელს 3 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი შეხვდა.
როგორც ის BMG-სთან საუბარში ამბობს, საქართველოში „აქუალიას“ სახით მსხვილი ინვესტორის შემოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობის აქვს, რაც როგორც სექტორში, ასევე მთლიანად ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.
„აქეუალიას“ საქართველოში შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ამბავია ერთი მხრივ იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან დიდი ინვესტიცია შემოვიდა. დღეს არსებული მოცემულობა რომ FDI-ზე მაღალი კონკურენციაა, ფაქტია ამაში ჩვენ კონკურენტუნარიანი ვართ. ეს ძალიან კარგი მესიჯია პოტენციური ინვესტორებისთვის. შესაბამისად „აქუალიას“ სახით საქართველოში მსხვილი ინვესტორის შემოსვლა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო ინვესტორებისთვის სანდო და სტაბილური პარტნიორია.
180 მლნ დოლარის ინვესტიცია (GWP-ის 80% წილის მფლობელი) საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას განაპირობებს; მეორე მხრივ „აქუალია“ არამხოლოდ ფინანასური ინვესტორი, არამედ სტრატეგიული ინვესტორია. ისინი ევროპაში 1 100 მუნიციპალიტეტში არიან წარმომადგენლები და მსოფლიოში ამ მიმართულებით მეოთხე ადგილს იკავებენ. კომპანიას ფინანსურ ინვესტიციასთან ერთად მოაქვს ცოდნა და გამოცდილება რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში წყლის რესურსების ეფექტურად მართვა დღეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, „აქუალიაში“ ამის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერები არიან. მათი შემოსვლით ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ის თამასა დავიჭიროთ, რაც ევროპული სტანდარტია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი ტიპის მსხვილი ინვესტიციები საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკური რეგიონალური ჰაბის პოზიციონირებას ხელს შეუწყობს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომპანიას ესპანურ კომპანიასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
„ჩვენ მივესალმებით მათ შემოსვლას ქვეყანაში და მათ კომიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნებათ, რომ ოპერირებისთვის მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ჩვენი კომიტეტი ყოველთვის მხარს უჭერს კერძო სექტორს და მზადაა მათთან თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ „აქუალია“ ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიაა და თუ ისინი აქ თავს კარგად იგრძნობენ, ამის შესახებ ქვეყნიდან გასული მესიჯი სხვა ინვესტორებზეც დადებითად იმოქმედებს“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიას საქართველოში ოპერირებასთან მიმართებით რაიმე კონკრეტული კითხვები არ ჰქონია.
„ჩვენი მხრიდან პარალმენტში ინიცირებული წყლის კანონის განხილვაში კერძო სექტორის მხრიდან ჩართულობა შევთავაზეთ. კომპანიამ კანონპროექტის განხილვაში ჩართულობის მზაობა გამოხატა, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება“, - უთხრა BM.GE-ის დავით სონღულაშვილმა.