მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მგონია, მთავრობას გაუმჭვირვალობის პრობლემები ჰქონდეს“ - კობახიძე განკარგულებების არგასაჯაროებაზე

632049c2af2bc
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.22 13:14
643
„არ მგონია, გაუმჭვირვალობის პრობლემები გვქონდეს“ - ასე უპასუხა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში სამთავრობო განკარგულებების გამოუქვეყნებლობას და არგასაჯაროებას ეხებოდა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ბოლო განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, ხოლო 2021 წელს მიღებული არცერთი განკარგულება საჯარო არ გამხდარა. მდგომარეობა არც წელს გამოსწორებულა. ამასობაში მთავრობის ადმინისტრაციამ ახალი ვებგვერდი შექმნა, სადაც არქივის ატვირთვა ხდება, მაგრამ 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მიღებული განკარგულებები არც განახლებულ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე არა უგვიანეს 3 დღისა, ატვირთოს.

რატომ არღვევს მთავრობა რეგლამენტს და რატომ არ აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთა გასაჯაროების ვალდებულება აქვს - BMG-ის მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხი ამ კითხვებზე ვერ მივიღეთ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კი ჟურნალისტებს განუცხადა: „ვერ გეტყვით. აქ არ მგონია, გაუმჭვირვალობის კუთხით რაიმე პრობლემები ჰქონდეს მთავრობას. საჯარო ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია, შეიძლება ტექნიკური საკითხია“.


დამალული განკარგულებები - რატომ არღვევს მთავრობა კანონს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები