არ შეიძლება მცირე და მსხვილი საწარმოს ერთ ქვაბში მოხარშვა და ერთნაირი ვალდებულების დაკისრება, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაია bm.ge-ისთან აცხადებს. იურისტი არ ეთანხმება ახალ ვალდებულებას ბიზნესისთვის, რომელიც ყველა სუბიექტს აკისრებს პირველი მარტიდან საკუთარი თანამშრომლების სამუშაო დრო ყოველდღიურად ზუსტად აღრიცხონ და ეს მონაცემები ერთი წლის განმავლობაში შეინახონ.
ჯანმრთელობის დაცვის და შრომის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს.
“კანონის მიღების დროსაც ვამბობდით, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამუშაო დროის აღწერა იყო ზედმეტი ტვირთი. არ შეიძლება ყველა ერთ ქვაბში მოვხარშოთ - ერთი და იგივე ვალდებულება დავაკისროთ დიდ საწარმოებსაც და მცირე კომპანიებსაც, რომელსაც რეალურად ერთი ადამიანი მართავს, ჰყავს 5-10 ან 15 დასაქმებული. სწორედ ამ ერთ ადამიანს დაევალა ამხელა ბიუროკრატიის გაკეთება”, - აცხადებს იურისტი.
მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკით, მცირე და დიდი საწარმოებისთვის ვალდებულებების ტვირთი განსხვავებულია.
“მთელ მსოფლიოში შრომითი კანონმდებლობა და ამ ურთიერთობების მოწესრიგება ხდება როგორც სექტორულ, ასევე რეგიონულ დონეზე. კანონმდებელი ძირითადად ასხვავებს, ვის როგორი რეგულაცია შეიძლება დაეკისროს და ვინ რა ტვირთი შეიძლება გასწიოს. ჩვენთან არის ასეთ მიდგომა, რომ ის, რაც მოეთხოვება უზარმაზარ ბანკს ან საწარმოს, მოეთხოვება პატარა მეწარმესაც. ეს არ არის საერთაშორისო პრაქტიკა, ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა, განგვესხვავებინა ვალდებულებები”,- აცხადებს შალვა ცხაკაია.
იურისტისთვის გაუგებარია, რამდენად შეძლებს ამ პროცესების გაკონტროლებას შრომის ინსპექცია, რომელსაც, ცხაკაიას შეფასებით, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხების კონტროლი მოუწევს კომპანიებში, როგორიცაა შრომითი დისკრიმინაცია, იძულებითი შრომა და ა.შ.