მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ფერმერებისთვის არასწორი მოტივაციაა - ISET-ის მკვლევარი

630f3679b7272
მარიამ დემეტრაშვილი
01.09.22 10:00
677
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესს წელსაც დაასუბსიდირებს. ამ პროგრამისთვის 2022 წელს 4 მლნ ლარი დაიხარჯება. ჯამში, ამ დრომდე აღნიშნულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარია დახარჯული.

სახელმწიფოს მხრიდან არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის საჭიროებასა და ეფექტიანობაზე BMG ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ესაუბრა.

ია კაცია ამბობს, რომ ეს პროგრამები, ერთი მხრივ, ფერმერებში არასწორ მოლოდინებს ქმნის, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უშლის სექტორის განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას და ეს ხელს უშლის ამა თუ იმ ბიზნესის სწორი გზით წარმართვას.

„ჩვენ წლებია ვხედავთ ამ პრაქტიკას ანუ როგორც სახელმწიფო აცხადებს, არცერთი კილოგრამი პროდუქცია შეუსყიდავი არ დარჩება, რაც უკვე არასწორი მოტივაციაა, რადგან ხვალ და ზეგ შეიძლება ფერმერმა არ სცადოს წინსვლა და ახალი ტექნოლოგიების შემოტანა დარგში. მეორე მხრივ, გროვდება ჭარბი არასტანდარტული პროდუქცია, რომლის გაყიდვასაც ფერმერები ვერ ახერხებენ. წლებია, სახელმწიფო აცხადებს, რომ სურს, გამოვიდეს ამ სუბსიდირების პროგრამიდან, თუმცა ეს სიტყვებად რჩება.

სავარაუდოდ, არის სოციალურ-პოლიტიკური მხარე. სახელმწიფო თავადაც ამბობს, რომ ესმის, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, თუმცა მეორე მხარეს არიან ამ დარგში მომუშავე ფერმერები, რომელთა წყრომასაც, შესაძლოა, შეეჩეხოს სახელმწიფო“, - განაცხადა ია კაციამ.

რაც შეეხება გამოსავლის გზებს და სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, ISET-ის მკვლევარის აზრით, სახელმწიფოს ფერმერების მხარდაჭერა, სუბსიდირების გარდა, სხვა გზებითაც შეუძლია.

„გარდა სუბსიდირების პროგრამისა, სახელმწიფოს შეუძლია ეს თანხა სხვა მიმართულებით დახარჯოს; მაგალითად, ახალი ბაზრების მოძიება ფერმერებისთვის, ასევე, მათთვის ცოდნის ამაღლება დარგში, რათა მათ შეძლონ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული პროდუქციის წარმოება. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო გამოვა ამ სუბსიდირების სქემიდან, რადგან ეს ერთი დარგის გამოწვევა არ არის - უკვე წლების განმავლობაში რამდენიმე სექტორში ხდება არასტანდარტული პროდუქციის შეძენა“, - განაცხადა ია კაციამ.

ცნობისთვის: მიმდინარე წელს 40 000-დან 50 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები