მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არჩევნების II ტური ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე გაშვებული შესაძლებლობაა“ - ISFED

617e58ec95460
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.21 12:36
853
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე არჩევნების მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის პროცესის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები კანონით დადგენილი წესებით მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული დარღვევები მაინც დაფიქსირდა.

„სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საერთო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე ნეგატიურად აისახა, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევის ფაქტები. ასევე დაფიქსირდა, ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების შეურაცხყოფასა და ზეწოლის ფაქტებს.

რაც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია, თუმცა დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ISFED-ის დამკვირვებელთა მიერ საარჩევნო კომისიებში დარღვევებთან დაკავშირებით სულ 161 საჩივარი შევიდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები