მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს თუ არა გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობების შექმნაზე მოთხოვნა?

6489bab435d2e
თათია ჩაფიჩაძე
18.06.23 22:31
923
არქიტექტორი გიორგი ხმალაძის თქმით გამორჩეული დიზაინის მქონე შენობების შექმნაზე ქართულ ბაზარზე ინტერესი მზარდია. როგორც ხმალაძემ „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, „მეამას“ შენობის წარმატებამ, კომპანიების მხრიდან ინტერესი გაზარდა.

„თავიდან იწყება იმით, რომ ვიღაცას უნდა გამორჩეული იყოს, მერე როცა ჩნდება ასეთი გამორჩეული მაგალითები, სხვებიც ცდილობენ ფეხი აუწყონ სიახლეებს. საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს სხვა კომპანიებს, ერთმანეთს ვუყურებთ და ვიზიარებთ ამ სიხარულს, შემდგომ უფრო დიდ ნაბიჯებს ვდგამთ.

„მეამას“ შემთხვევაში ძირითადი მიზანი იყო რომ ისეთი სამუშაო სივრცე შექმნილიყო, რომელიც არ იქნებოდა სტანდარტული, იქნებოდა მრავალფეროვანი, სარეკრეაციო სივრცეებით სავსე, დაკვეთა იყო რომ შეგვექმნა სამუშაო სივრცე, სადაც ხალხს ენდომებოდა დროის გატარება.

რაც შეეხება ტექნოლოგიებს, თავიდან შესაძლოა ეს ვიღაცას ერთულება, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა ხედავენ, რომ ისინი ამარტივებს პროცესებს და ამის ხარჯზე წინ არიან, ცდილობენ თავადაც ასეთი მდგრადი მშენებლობები აწარმოონ,“ - განაცხადა ხმალაძემ.

ინფორმაციისთვის, 8 ივნისს აშშ-ში, მაიამიში უძრავი ქონების ოსკარების 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა, სადაც საქართველოდან წარდგენილი პროექტები პირველად იღებდა მონაწილეობას.

კატეგორიაში ,,საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა“ ოსკარი მიიღო ბათუმის სტადიონმა. კატეგორიაში ,,ინოვაციური საოფისე შენობა“ გამარჯვებული გახდა „მეამა“, ხოლო კატეგორიაში ,,გენერალური გეგმა” ოსკარი ერგო ,,მწვანე ქალაქი ლისზე“, რომელიც კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ წარადგინა. „მეამას“ სახელით მონაწილეობას იღებდა თავად ამ შენობის ავტორი, არქიტექტორი გიორგი ხმალაძე, ხოლო ბათუმი სტადიონის წარმდგენი იყო აჭარის მთავრობა.

FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. სულ წლევანდელ ღონისძიებაზე 31 ჯილდო გაიცა, 16 ოქროს და 15 ვერცხლის ოსკარი. მონაწილე ქვეყნებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ვიეტნამი, ტაივანი, უნგრეთი, სინგაპური, მალაიზია, საქართველო, ავსტრია და იტალია, რომელიც საქართველოს მსგავსად ღონისძიებას წელს პირველად შეუერთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები