მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებულ ვითარებაში Covid-ის სტატისტიკის გამოქვეყნებას აზრი არ ჰქონდა - ჩხაიძე

636e21235be4f
მარიამ ვარადაშვილი
11.11.22 14:36
858
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის სტატისტიკას, რომელიც ყოველთვიურად ახლდებოდა, აღარ გამოაქვეყნებს.

საქმე ის არის, რომ თავდაპირველად, კორონავირუსის სტატისტიკა ყოველდდღიურად ახლდებოდა, თუმცა მოგვიანებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მას კვირაში ერთხელ, შემდეგ კი თვეში ერთხელ აქვეყნებდა.

ზურაბ აზარაშვილის უწყება სტატისტიკის წარმოების შეჩერებას კორონავირუსის გავრცელების შემცირებულ მაჩვენებელით ხსნის.

"ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - უთხრეს BMG-ის ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. მოქალაქეებს აღარ აქვთ გატესტვის ვალდებულება და პირბადის ტარებაც მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებშია სავალდებულო.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, ივანე ჩხაიძეს მიაჩნია, რომ არსებულ რეალობაში კორონავირუსის თვიურად განახლებადი სტატისტიკა მოსახლეობისთვის საინტერესო აღარ არის და ის მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებს აინტერესებთ. 

მისივე თქმით, სულ უფრო ნაკლები ადამიანი იტესტება კორონავირუსზე  და აქედან გამომდინარე, წარმოებული სტატისტიკა რეალობის ამსახველიც არ იქნება.

“ჯანმრთელობის თვალსაზრისით, კორონავირუსი რეალურ საფრთხეს აღარ წამოადგენს; ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება სწორი იყოს. ბოლო პერიოდში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურად 1000-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა. თუ ვსაუბრობთ იმაზე, არის თუ არა კორონავირუსი კვლავ აქტუალური და მასთან სერიოზული რისკები დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ასეთი რისკი აღარ არსებობს; არც ვირუსის მუტაციის საფრთხეა და თითქმის ერთი წელი შესრულდება, რაც ვირუსის ახალი ვარიანტი აღარ გამოჩენილა. ეს სტატისტიკა ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა. მაგალითად, გრიპის ვირუსის სტატისტიკა მოსახლეობამ არ იცის, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეს ინფორმაცია აქვს, ამიტომ ამ თვალსაზრისით, ალბათ გადაწყვეტილება სწორია. მოსახლეობაში კორონავირუსის მიმართ შიში არ არის და როგორც საფრთხეს, მას არავინ განიხილავს. შესაბამისად, ეს ახლა მხოლოდ სამედიცინო სფეროსთვის საინტერესო რიცხვებია.

მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ამ ეტაპზე მოხსნილია ყველანაირი ვალდებულება, პირბადის ტარების ვადებულებაც კი აღარ არსებობს. შესაბამისად, ბევრი ნიუანსი, რაც პანდემიის პერიოდში დაკავშირებული იყო კონკრეტული შემთხვევების აუცილებელ იდენტიფიცირებასთან, აღარ არსებობს, ამიტომ მოსახლეობის სურვილი, რომ ვირუსზე ტესტი ჩაიტაროს მინიმუმამდე არის დაყვანილი; მეტიც, სიმპტომური პირებიც კი არ იტარებენ ტესტირებას.

ამ თვალსაზრისითაც არსებული სტატისტიკა არარეალური იყო. კერძოდ, ამ პირობებში სტატისტიკის წარმოება და მიღებული მონაცემები დამაბნეველი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ბევრი ნიუანსია ისეთი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ რიცხვების გამოქვეყნებას აზრი არ აქვს, რადგან მის უკან რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი არ იქნება”, - აცხადებს ჩხაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები