მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული სირთულეების მიუხედავად, BAG ინდექსი ბიზნესის ოპტიმისტურ განწყობაზე მიუთითებს

6062c451d91f3
BM.GE
30.03.21 10:32
668
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) დღეს 2021 წლის ბიზნესის განწყობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აერთიანებს. ორგანიზაციამ ინდექსი PMCG კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით მოამზადა. 

კვლევის შედეგების თანახმად, 2021 წლის პირველს კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინის კომბინაციაა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღნიშნულ პერიოდში გაუმჯობესდა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ასევე მოლოდინის შეფასება, თუმცა მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი გაუმჯობესების მიუხედავად კვლავ ნეგატიური რჩება. ამავდროულად, ბიზნესი ინარჩუნებს პოზიტიურ მოლოდინს, რომელიც მნიშვნელოვნად, 34 პუნქტით არის გაუმჯობესებული. შედეგად, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი კვლავ აღმასვლის მეოთხედშია.



კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
2021 წლის I კვარტალში, BAG ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორისთვის პოზიტიურია მშენებლობის სექტორის გარდა. აღნიშნული მშენებლობის სექტორში მიმდინარე მდგომარეობის ნეგატიური შეფასებით არის განპირობებული. მიმდინარე მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ყველა სექტორში გაუმჯობესდა მშენებლობის სექტორის გარდა.



2021 წლის I კვარტალში, ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის მაჩვენებელი ყველა სექტორისთვის დადებითია. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით ოპტიმისტური განწყობა დაფიქსირდა მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში, რაც 2020 წლის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას უნდა დავუკავშიროთ.

BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები