მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასეთი დოკუმენტი იქმნება ტანდემში“ - გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტი ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას აფასებს

6022cff5979a4
თამთა ჯიჯავაძე
09.02.21 23:05
657
ასეთი დოკუმენტი იქმნება ყოველთვის ტანდემში, - ამის შესახებ გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა, გიორგი შაქარიშვილმა Forbes Talks-ში სტუმრობისას ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ტანდემი, ერთი მხრივ, ტექნიკური სპეციალისტის, ამ შემთხვევაში ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელმაც კარგად იცის იმუნიზაცია, ვაქცინაცია და, მეორე მხრივ, სახელმწიფო მოხელეს შორის. 

„როდესაც ეს დოკუმენტი ვნახე, ერთგვარი დისონანსი შევნიშნე. აქ, ჩემი აზრით, წინ წაწეულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხარე და შედარებით ნაკლებად არის გამორჩეული ის ფორმატი, რომელიც ესაჭიროება იმ დოკუმენტს, რომელსაც ჰქვია გეგმა. ეს დოკუმენტი სხვა ტიპის დოკუმენტებისგან განსხვავდება, მაგალითად სტრატეგიის ან კონცეფციისგან. სტრატეგია ეს არის დოკუმენტი, რომელიც მაკროდონეზე ასახავს რომელიმე პრობლემას, აღწერს მას და დასახავს მისი გადაჭრის გზებს. შემდეგ მას მოჰყვება გეგმა, რომელიც ოპერატიული განხორციელების სამოქმედო რეფერენს-დოკუმენტად გამოიყენება.

ასეთ დოკუმენტს თავისი ატრიბუტიკა აქვს, მას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიოდ გამოხატული განხორციელების გეგმა-გრაფიკი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ პორველ თვეს, მეორე თვეს, მესამე თვეს, მე-15 კვირას, მე-17 კვირას რა ხდება. ეს უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რათა გავიგოთ რამდენად ჩამოვრჩებით ან არ ჩამოვრჩებით განხორციელების გრაფიკს. უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი მონიტორინგის ინდიკატორები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომელ უბნებში გვაქვს ჩამორჩენა და რაც მთავარია უნდა ვიცოდეთ როგორ ვზომავთ პროგრესს“, - განაცხადა გიორგი შაქარიშვილმა.

გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტის თქმით, აშკარად იგრძნობა, რომ ამ დოკუმენტის მომზადებისას ჯგუფმა იხელმძღვანელა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გაიდლაინით, რომელიც 2020 წლის ბოლოს მომზადდა. მისივე განცხადებით, დოკუმენტში გაწერილი საკომუნიკაციო, საინფორმაციო სტრატეგია, განსაკუთრებით ვაქცინაციის მოთხოვნის გაზრდის თვალსაზრისით, ჯერჯერობით, შედარებით არაეფექტურია.

„ამის გაკეთება მედიასაშუალებების გარეშე პრატიკულად გამორიცხულია. საქართველოში მედიასაშუალებათა დიდი ნაწილი არის კერძო სექტორში. მე ვფიქრობ, დოკუმენტში  მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი კერძო-სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით როგორ უნდა მოხდეს ამ საკომუნიკაციო პროცესში კერძო მედიასაშუალებების ჩართვა.

საინტერესოდ მეჩვენება ის, რომ დოკუმენტში არის ჩამონათვალი, სადაც კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების პასუხისმგებლობაზე მითითებულია ყველა დონე. ვფიქრობ, აქ მეტი კონკრეტიკაა საჭირო. არის მეორე კომპონენტი, რომელიც ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციის კოორდინაციას შეეხება და აქაც საუბარია საინფორმაციაო კამპანიაზე და აქ პასუხისმგებლობა გაწერილია ადგილობრივ ხელისუფლებაზე. არ ვიცი რამდენად ფლობს ადგილობრივი ხელისუფლება იმ ინსტრუმენტს და რესურსს, რომლითაც ის მოახერხებს ამ ფუნქციის შესრულებას“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

მანვე დასძინა, რომ თუ არ განხორციელდა და უკვე ვხედავთ, რომ საკომუნიკაციო სტრატეგია არაეფექტურად ხორციელდება, ვინ არის პასუხისმგებელი ამ მხრივ, ვის უნდა დავეხმაროთ, ვინ უნდა ჩავანაცვლოთ, რათა ეს ფუნქციები უკეთესად შესრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები