აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ბარგის რენტგენო ინსპექტირების 3 სკანერი (RAPISCAN 628XR) გადასცა, რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტისთვის.
„აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მთავრობის დახმარების ერთ–ერთი მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვასა და საინსპექციო სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს. საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის აეროპორტში", აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროს ზურაბ სიჭინავასთან, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროს სამსონ ურიდიასთან და უწყების სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად, პირადად გაეცნო მგზავრების მიერ საჰაერო გზით შემოტანილი/გასატანი ბარგის სკანირების პროცესს.
უნდა აღინიშნოს, რომ ინსპექტირების რენტგენოსკანერი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისათვის საუკეთესო მაღალტექნოლოგიური შენაძენია. შემოწმების ეს უახლესი სისტემა უნიკალური საშუალებაა მგზავრთა ბარგის სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და დელეგაციის სხვა წევრებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს მასშტაბით, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, ვალე, ნინოწმინდა, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ფოთის პორტი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, აგრეთვე ფოთის პორტსა და გარდაბანში სარკინიგზო რენტგენული ინსპექტირების სისტემები) ფუნქციონირებს სტაციონარული და მობილური საავტომობილო რენტგენული ინსპექტირების სისტემები. ამასთან, საბაჟო გამშვები პუნქტები აღჭურვილია, როგორც ბარგის, ასევე ხელბარგის, პალეტებისა და სხეულის დათვალიერების რენტგენული ინსპექტირების დანადგარებით.
შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთბრუნვის, სანქციების აღრსრულების მხარდაჭერის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რენტგენო ინსპექტირების სკანერების როლი ვაჭრობის უსაფრთხოებისა და ქვეყნის პარტნიორული როლის კეთილსინდისიერად შესასრულებლად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.