ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და მისი მოადგილე სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე შეშფოთებას გამოთქვამენ - ამის შესახებ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან ხდება ცნობილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი მიმართვიდან ირკვევა, რომ სენატორები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გააქტიურებას, დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებასა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვას კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროცესები საქართველოს დემოკრატიის დასუსტებასთან ერთად, წყალს ასხამს რუსეთის ფედერაციის ინტერესებზე.
სენატორების წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს:
"გვსურს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოვხატოთ. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 29 წლის მანძილზე, ჩვენ ვხედავდით, როგორ გაიდგა ფესვები დემოკრატიამ, გაიზარდა ეკონომიკა და აყვავდა სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს ვალდებულება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემასა და კონსესუსზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით რეგიონში შთამბეჭდავ მაგალითად იქცა. ჩვენ ვაკვირდებოდით 2012 წლის არჩევნებს და შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით იმით, თუ როგორ იცავდა საქართველო დემოკრატიის მთავარ პრინციპებს.
თუმცა, შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტებაზე მიანიშნებს. ორი ყველაზე აქტუალური საკითხი არის პარლამენტის წარუმატებლობა, შეესრულებინა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ვალდებებულები და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა.
ჩვენ გვესმის, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ქართველ ამომრჩეველს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის საშუალებას მისცემდა, რაც უპირატეს მდგომარეობაში არცერთ პოლიტიკურ პარტიას ჩააყენებდა. თქვენი მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი შეეშალა ამ ცვლილებისთვის, მიანიშნებს საქართველოს მიერ იმ ვალდებულებზე უარის თქმას, რაც მას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აქვს აღებული. მეტიც, ის მშვიდობიანი პროტესტი, რაც ამ მოვლენას მოჰყვა, არის ხილული ნიშანი, რომ პარლამენტის წარუმატებლობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობის მიერ ამ პროტესტის ჩახშობა კი ქართველების დემოკრატიული უფლებებისა მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოვალეობის დარღვევაა.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ფორმალური და არაფორმალური მეთოდების გამოყენება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროვებენ, გვაშფოთებს. იგივეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული მათთვის თავისუფლების შესაზღუდ იარაღად.
და ბოლოს, ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის სამუდამოდ დანიშვნით - მანამ, სანამ მათ კვალიფიკაციას სრულად შეაფასებდნენ, როგორც აღნიშნა ეუთო-მ თავის 2020 წლის იანვარში მონიტორინგის ანგარიშში. პოლიტიკური მოკავშირეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა, მიუკერძოებელი და მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეების ნაცვლად, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომელთა გამოც რეგიონში საქართველოსი შურდათ. ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, დამატებით შემაშფოთებელი განვითარებაა. იმედი გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია ბოროტად გამოიყენოს პოლიტიკური სარგებლის მისაღებად.
ჩვენ წლებია საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების? მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.
დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, გვაქვს მოტივაცია, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება, საქართველოს დავეყრდნოთ, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს,"- ნათქვამია წერილში.
წერილი 2020 წლის 29 იანვრით თარიღდება.