მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა სუდანიდან დიპლომატები გამოიყვანა

6444ef721c112
გიორგი არონია
23.04.23 13:39
763
სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარმა ქვეყნიდან ამერიკელი დიპლომატები გამოიყვანა, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამერიკელი დიპლომატების საევაკუაციო სამუშაოები სამხედროებმა სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან 1300 კილომეტრით დაშორებული ჯიბუტიდან, MH-47 Chinkhook-ის ტიპის ვერტმფრენებით შეასრულეს. ოპერაციის შედეგად, რომლის ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა, სამხედროებმა სამოქალაქო ომში მყოფი ქვეყნიდან 100-მდე დიპლომატის გამოყვანა შეძლეს. 

წარმატებულ ოპერაციას გამოეხმაურა თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც: “ვამაყობ საელჩოს თანამშრომლების საოცარი ერთგულებით, საკუთარ საქმეს ისინი სიმამაცითა და პროფესიონალიზმით ასრულებდნენ”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. “ამასთან, მადლობელი ვარ ჩვენი ჯარის უბადლო უნარებისა, რომელთა დახმარებით მათ ჩვენი თანამშრომლები სამშვიდობოს გაიყვანეს”.

როგორც ირკვევა, სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით წარიმართა, მაგრამ უკანა გზაზე, ერთ-ერთ ვერტმფრენს საწვავის ავზის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, რა დროსაც ამერიკელი ჯარისკაცები სუდანელებს დაუკავშირდნენ და დიპლომატების გამოსაყვანად შესაბამისი გარანტიები მოსთხოვეს. მოგვიანებით, სუდანის სამხედრო ძალების მეთაურმა, აბდელ ფატა ალ-ბურჰანიმ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნის ლიდერის მოთხოვნის მიღების შემდეგ, მან უცხოელებისთვის ქვეყნის დატოვების ნებართვის გაცემა გადაწყვიტა.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომს სულ მცირე 413 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3500-ზე მეტი დაიჭრა. ამასთან, სუდანელები საკვების, სასმელი წყლისა და სხვა საბაზისო მოხმარების საგნების დეფიციტსაც განიცდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები