მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს BINANCE-VOYAGER-ის $1-მილიარდიანი გარიგების ჩაშლა სურს

63f88e9179f5f
გიორგი თოლორდავა
24.02.23 15:23
971
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი გაკოტრებულ კრიპტო ბანკ Voyager Digital-ს $1 მილიარდ დოლარად ყიდულობს. ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიას კი აღნიშნული გარიგების ჩაშლა სურს.

SEC-ის განცხადებით, ეს ტრანზაქცია წინააღმდეგობაშია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან და ის ბაზარზე აბსოლუტური მონოპოლიის ჩამოყალიბების რისკებს შეიცავს.

გარდა SEC-ისა, სასამართლოში საჩივარი შეიტანა ნიუ-იორკის საფინანსო სექტორის მარეგულირებელმა ორგანომაც, რომელიც ამტკიცებს, რომ Binance-ის მიერ Voyager-ის შესყიდვა აჩენს იმის რისკებს, რომ კლიენტები Voyager-ის კოლაფსის შედეგად გაყინულ აქტივებს უკან ვეღარ დაიბრუნებენ, რაც მომხმარებლების უფლებების უხეში დარღვევა იქნება.

ცნობისთვის, Voyager-ს გაკოტრების გამოცხადება გასულ წელს მოუწია, რაც Three Arrows Capital-ის კოლაფსთან და $650-მილიონიან დეფოლტთან იყო დაკავშირებული. გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, კომპანია გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს, რომელშიც სემ ბენკმენ-ფრიდის FTX-მა გაიმარჯვა.

კომპანია FTX მზად იყო Voyager-ის სანაცვლოდ 1.4 მილიარდი დოლარი გადაეხადა, თუმცა მალევე თავად FTX-საც მოუწია გაკოტრების გამოცხადება, შესაბამისად, გარიგება ჩაიშალა.

ამჟამად Binance-ი კომპანია Voyager-ს 400 მილიონი დოლარით იაფად ყიდულობს, რაც მოიცავს Voyager-ის ფიზიკურ აქტივებს, 1.7-მილიონიან მომხმარებელთა ბაზას და თითქმის მილიარდი დოლარის არალიკვიდურ კრიპტოაქტივებს.

მართალია, გარიგების დასრულების შემდეგ Binance-ს Voyager-ის ვალდებულებების გადაფარვა და კომპანიის რესტრუქტურიზაცია მოუწევს, თუმცა, როგორც ჩანს, ჩანგპენგ ჟაოს გუნდი თვლის, რომ 1.7 მილიონი მომხმარებელი ამ ფასად ღირს.

Binance-ი ამჟამად მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟაა, რომელიც ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის ტრანზაქციებს ატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები