მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელ კანონპროექტებზე იმსჯელა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა?

6436d78709c12
BM.GE
12.04.23 21:00
596
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით მომზადებულ რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, სტატისტიკას, რკინიგზას, ელექტრონულ კომერციას.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარადგინა. მისი თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის სფეროში არსებული კანონმდებლობის მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ეროვნულ კანონმდებლობასთან.

„აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდება ოფიციალური სტატისტიკის მოდელურ კანონს და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს. ამასთან, შესრულდება 2019 წლის 29 ნოემბრის № 585 დადგენილებით დამტკიცებული 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის რიგი ვალდებულებები”, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე და მათთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტებზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, სარკინიგზო კოდექსში ცვლილებები სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის მიზნით ხორციელდება.

ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული კანონპროექტის თანახმად კი, დარეგულირდება ელექტრონული კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა, აგრეთვე საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდების პროცესში ამ კანონის მიზნებისთვის ელექტრონული ხელშეკრულების ცნება და მისი გაფორმების წესი და პირობები. განისაზღვრება საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

ასევე კანონპროექტი „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პირველი მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა ასევე დაამტკიცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე: „საქართველოს რკინიგზა“, 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები