როგორც Bloomberg-ი წერს, ახალი მოტოციკლი ქუჩებში გადაადგილებისთვის განკუთვნილი არ არის, მისი გამოყენება მხოლოდ მოტორბოლებზეა რეკომენდებული.
Aston Martin-ის მოტოციკლი მკაცრად შეზღუდული სერიით გამოვა. ამერიკული მედიის ცნობით, ის მხოლოდ 100 ცალი იქნება. ახალი AMB 001-ის ფასი 120 000 დოლარით განისაზღვრება. მოტოციკლები საფრანგეთში, ტულუზის ქარხანაში დამზადდება და ბაზარზე 2020 წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდება.
ახალი მოტოციკლი ცნობილ ბრიტანული მოტოციკლის ბრენდთან Brough Superior-თან (ამრიგად, სახელი Aston Martin Brough - AMB) თანამშრომლობით შეიქმნა. ის Aston Martin-ის საკულტო დიზაინსა და Brough Superior-ის ყველაზე თანამედროვე საინჟინრო ინოვაციებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, Aston Martin-ი 106-წლიან ისტორიაში პირველად მოტოციკლის წარმოებას ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იწყებს. 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კომპანიამ 2 442 მანქანა გაყიდა, ხოლო კომპანიის შემოსავალი ამ პერიოდისთვის 4%-ით (424.9 მილიონი ფუნტიდან 407.1 მილიონ ფუნტამდე) შემცირდა.