ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში „No Time to Die“, რომელიც კინოთეატრებში აპრილიდან გამოვა, Aston Martin-ის სპორტული მანქანა ისევ ერთ-ერთი ცენტრალური რეკვიზიტი იქნება. თუმცა რეალურად, ბრიტანული კომპნაია ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია.
Aston Martin-მა წარმოების გადასარჩენად 150 მილიონი ფუნტი სტერლინგი ისესხა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა სესხი 12%-ში აიღო და მისი დაფარვა 2022 წლამდე მოუწევს.
როგორც კომპანიის დირექტორმა ენდი პალმერმა განაცხადა, ავტოინდუსრიაში სიტუაცია აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირებამა და Brexit-მა საკმაოდ გააუარესა, შესაბამისად მოკლევადიანი ფინანსური დახმარებით ვითარების დაბალანსებას შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ 12% საპროცენტო განაკვეთი, არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაში მყოფი ბრიტანული კომპანიისთვის საკმაოდ მაღალია. ოთხშაბათის მონაცემებით, საფონდო ბირჟებზე Aston Martin- ის აქციების ფასი 5 პროცენტით დაეცა.
ივლისში კი, ასი წლის კომპანიამ ამ წელში გაყიდვების პროგნოზი 7100-დან 6200 ავტომობილებამდე დასწია.