მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათობით ტონა წიწიბურას, ბრინჯის და სხვა ბურღულეულის ტვირთები გზაშია - "ჯიბე"

5e946fe4293d8
ელენე გოგბერაშვილი
13.04.20 21:30
3144
საქართველო რუსეთიდან და ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან მარცვლეულ პროდუქტებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს ვეღარ შეიძენს. გლობალური პანდემიიდან გამომდინარე ექსპორტის დროებითი შეზღუდვის გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო და ის 12 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით მოქმედებს.

აკრძალული საქონლის ჩამონათვალშია ბრინჯი, წიწიბურა, ხახვი, ნიორი და სხვა მარცვლეული და ბურღულეული ნაწარმი.

იმპორტიორების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველო ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან ძირითადად წიწიბურას იმპორტს ახორციელებს, შესაბამისად მოქმედი შეზღუდვებიდან გამომდინარე ალტერნატიული ბაზარი იმპორტიორებისთვის ჩინეთია, საიდანაც უკვე წიწიბურათი დატვირთული რამდენიმე კონტეინერი გამოიგზავნა.

საქართველო რუსეთზე და ევრაზიული კავშირის ქვეყნებზე განსაკუთრებით წიწიბურას იმპორტის ნაწილში რომ იყო დამოკიდებული, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. „საქსტატის“ მონაცემებით, წიწიბურას იმპორტში ამ ქვეყნების წილი 68%-ს შეადგენს. გასულ წელს ევრაზიული კავშირიდან საქართველოში 186, 719 დოლარის ღირებულების წიწიბურას იმპორტი განხორციელდა.

საბითუმო ვაჭრობის ქსელ „ჯიბეს“ გენერალური დირექტორის სანდრო კახიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ევრაზიული კავშირის მიერ აკრძალული საქონლის დეფიციტის კუთხით პრობლემა არ დგას. მისი თქმით, რამდენიმე ათეული ტონა მარცვლეული და ბურღულეული პროდუქტი გზაშია და საქართველოში ეტაპობრივად შემოდის, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ქსელურ მარკეტში გადანაწილდება.

„დეფიციტზე ვერ დავდებ თავს, იქნება თუ არ იქნება, ბაზარი დიდია და მას მე ვერ ვაკონტროლებ, მაგრამ რაც შეეხება ტვირთებს, ნებისმიერი ბურღულეული გვაქვს. დღეს მივიღეთ 10 ტონამდე მაკარონი და ველოდებით კიდევ ძალიან ბევრ ტვირთს დაწყებული ბრინჯით და წიწიბურათი, რომლით დატვირთული ტრაილერები უკვე გზაშია. 20 ტონაზე მეტია თითო ტრაილერი, რომელიც ზოგი 7, ზოგი 8, ზოგი 10 ტონა ტვირთითაა დატვირთული.

დეფიციტი არის ამა თუ იმ მაღაზიაში, ქსელებში და მათ ვუნაწილებ შეძლებისდაგვარად პროდუქციას“-აცხადებს კახიძე.

რაც შეეხება რუსეთის და ევრაზიული კავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, კახიძის განმარტებით, უკვე არსებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, პროდუქცია რუსეთიდანაც შემოდის და ამ ნაწილში შეფერხება არ ფიქსირდება.

„ტრაილერები რუსეთიდანაც მოდის, გზაშია, რადგან გადახდილი იყო თანხა“, -აცხადებს კახიძე.

რაც შეეხება ბრინჯის იმპორტს, როგორც „ჯიბეს“ გენერალური დირექტორი ამბობს, ძირითადი მომწოდებელი ინდოეთი და პაკისტანია, საიდანაც ბრინჯის მორიგი პარტიები უკვე გამოგზავნილია.

მაკანონის, შვრიას და მანის პროდუქციის მომწოდებელი კი რუსეთია, შეკვეთა უკვე გაგზავნილია და მორიგი პარტიები საქართველოში უალოეს დღეებში გამოიგზავნება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ მთავრობა ბაზრის დივერსიფიცირებაზე მუშაობს, რადგან ქართული მხარისთვის მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ ცნობილი დაახლოებით ორი კვირის წინ გახდა.

საქართველოს მთავრობას უკვე აქვს ღონისძიებები მიღებული, რომელიც ეხება ბაზრის დივერსიფიცირებას; ძირითადად, წიწიბურასთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელიც თითქმის 68%-ით ევრაზიული კავშირიდან შემოდის, მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნები, არის აზიის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და მათ შორის წიწიბურაც შემოგვქონდა იქიდან და სხვა დასახელების პროდუქტიც, რომელიც არის ჩამონათვალში. ამავე, დროს ქვეყანაში გვაქვს ის მარაგები, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ. ორთვიანი გარდამავალი მარაგები შევსებულია ქვეყანაში და მუდმივად ხდება განახლება”, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები