მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Atoms audio-ს წარმოებული პირველი ქართული დინამიკი უკვე გაყიდვაშია

63c551ed0a798
თინათინ ნატმელაძე
16.01.23 23:45
1016
პირველი ქართული დინამიკი, რომლის წარმოებაც “Atoms audio”-მ დაიწყო, უკვე გაყიდვაშია. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით პიპილაშვილმა BM.GE-თან თქვა, 100 შეკვეთა უკვე განხორციელდა.

მისივე ცნობით, უახლოეს მომავალში პროდუქცია რითეილ ქსელებშიც გამოჩნდება.

„ამჟამად რეალიზებას ისეთ პროექტებში ვახდენთ, როგორიცაა სასტუმროები, საკონფერენციო დარბაზები - ისეთი სივრცეები, სადაც ფონური გახმოვანებაა საჭირო და რამდენიმე საკონფერენციო დარბაზი ჩვენი დინამიკებით უკვე გახმოვანდა. რეალიზება ონლაინ შეკვეთებით ხდება, ფიზიკურ პირებსაც, ვისაც სახლში საინსტალაციო დინამიკები უნდათ, ანუ ჭერში ან კედელზე დამონტაჟება, ჩვენი "ფეისბუქ" გვერდით და საიტით შეუძლიათ შეძენა.

დაინტერესება საკმაოდ მაღალია, სულ რაღაც ერთი თვეა, რაც გაყიდვები დავიწყეთ და ჯერ სატესტო რეჟიმში ვიყავით, თვიურად 1 000 ცალი დინამიკის წარმოების შესაძლებლობა გვაქვს და იმედია, რომ უახლოეს მომავალში შეკვეთების რაოდენობაც გაიზრდება. რაც შეეხება რითეილ ქსელებში გამოჩენას და ექსპორტს, ამ ეტაპზე რამდენიმე ქსელთან მოლაპარაკებების პროცესში ვართ და ასევე, დაინტერესება მივიღეთ საბერძნეთიდან, სადაც შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს შევიდეთ,“ - განაცხადა დავით პიპილაშვილმა.

„Atoms audio” ამ ეტაპზე ბლუთუზ დინამიკის საბოლოო ვერსიაზე მუშაობს და თანადამფუძნებლის ცნობით, ის ბაზარზე გაზაფხულში გამოჩნდება.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომელსაც სტარტაპი ოპერირების პროცესში წააწყდა, დავით პიპილაშვილის თქმით მომხმარებლების ნდობის მოპოვება იყო.

„პირველი სირთულე, იყო რომ ამ პროდუქტის შესაქმნელად ქვეყანაში ტექნიკური ბაზა არ არსებობდა, თუმცა ეს ჩვენი ძალისხმევით შევქმენით. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მომხმარებლების ნდობის მოპოვება. ჯერ არ სჯეროდათ, რომ ქართული დინამიკი შეიქმნებოდა, ახლა კი იმის დაჯერება უჭირთ, რომ ქართული წარმოება ხარისხიანი იქნება. ჩვენი მთავარი მიზანია, მათ დავუმტკიცოთ, რომ ყველა დეტალს თავად ვქმნით და ნამდვილად კარგი პროდუქტი გვაქვს,“ - ამბობს „Atoms audio”-ს თანადამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სტარტაპი დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა. რაც შეხება დასაქმებულებს, კომპანია ამჟამად 10 თანამშრომელი ჰყავს. „Atoms audio”-ს წარმოებული დინამიკის საფასური კი 60-240 ლარს შორის მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები