მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო დავებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე წერს - ანგარიში

625a5f9206848
BM.GE
16.04.22 10:26
1483

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ანგარიშგებას მოიცავს.

წარმოდგენილ დოკუმენტში აუდიტი წერს, რომ სამინისტროში არ არის შემუშავებული პოლიტიკა სასამართლო დავებთან დაკავშირებით, არ ხდება მათი მოსალოდნელი შედეგების შეფასება და ფინანსური ანგარიშგების შესაბამის მუხლებზე ასახვა.

ამასთან, საანგარიშო წელს წარდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებსა და საცნობარო ანგარიშებზე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია სასამართლოში წარმოებული საქმეების შესახებ, ასევე მათი პირობით აქტივებსა და პირობით ვალდებულებებზე აღრიცხვის საკითხები.

"ცენტრალური აპარატის მიერ წარდგენილი საცნობარო ანგარიშები სრულყოფილად არ ასახავს ინფორმაციას მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ; პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღრიცხვის აღნიშნული ნაკლოვანება გამოწვეულია იმით, რომ საქმეები ეფუძნება შეფასებებს, რომელიც მოითხოვს შესაბამის კომპეტენციას და ამასთან ერთად, საფინანსო სამსახურმა ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით ვერ შეძლო თანხების ზუსტი ოდენობის იდენტიფიცირება;

ასევე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გამოწერილი და გასაჩივრებული 1,087,300 ლარის სამართალდარღვევის ოქმების შესახებ, საიდანაც 251,300 ლარი შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, ხოლო − 836,000 ლარი, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე გასაჩივრებული და საანგარიშო წლის ბოლოს სასამართლოში მიმდინარე საქმეები იყო;

2021 წლის სექტემბრიდან პირები კოვიდრეგულაციებით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის გათავისუფლდნენ დაკისრებული ჯარიმებისგან, მათ შორის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიქცეული საქმეების შესაბამისად;

2018 წლიდან ცენტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო საქმე, რომლის შესაბამისად დავის საგანია ზიანის ანაზღაურება 100,000 ლარის ოდენობით; აღნიშნული ინფორმაცია არ არის გამჟღავნებული განმარტებით შენიშვნებში"-წერს აუდიტი.

ამასთან,დოკუმენტის თანახმად, ცენტრალური აპარატის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებში ოქმებით ფინანსური ჯარიმების დაკისრება საანგარიშო წელს ხდებოდა ორი მიმართულებით:

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის;
 კოვიდრეგულაციების დარღვევების ფაქტებზე, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად.

"ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღრიცხული დაკისრებული ჯარიმების შესაბამისად სულ - 420,200 ლარის მოთხოვნები და 772,700 ლარის შემოსავლები - სანქციებით, ჯარიმებით და საურავებით. 2021 წლის სექტემბრიდან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებით განსაზღვრული წესების დარღვევისათვის პირებს, რომელთაც შეფარდებული ჰქონდათ ადმინისტრაციული სახდელი- ჯარიმა, გათავისუფლდნენ გადახდის ვალდებულებისგან; საანგარიშო წელს ცენტრალური აპარტის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ დაკისრებული/გამოწერილი სამართალდარღვევების შესაბამისად ჯარიმების სახდელისგან გათავისუფლებულია 1,110,507 ლარის სამართალდარღვევა"-წერია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები